უკრაინაში დაფუძნებულმა კომპანია Express Voyage-მა საქართველოში შვილობილი კომპანია M Cruise დააფუძნა და საქართველოდან და ზოგადად რეგიონიდან ცნობილი საერთაშორისო კრუიზული კომპანიების სერვისების გაყიდვა დაიწყო.
როგორც Business Insider Georgia-სთან Express Voyage-ის კავკასიის რეგიონში წარმომადგენელმა ლალი ბეშკენაძემ განაცხადა, Express-voyage არის Royal Caribbean International-ის, Celebrity Cruises-ის, Azamara-ს, Silversea-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ასევე Costa Cruises-ის, Norwegian Cruise Line-ს, MSC Cruises-ის და Celestyal-ის პარტნიორი კომპანია.
ბეშქენაძის თქმითვე, სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა კრუიზების დაჯავშნის პლატფორმა www.mcruise.ge, სადაც ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებლობა დავჯავშნოთ და მივიღოთ სრული ინფორმაცია კრუიზის, საკრუიზო ლაინერის და მომსახურების შესახებ.
„გაყიდვები უკვე დავიწყეთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან. აშკარად სახეზეა მზარდი მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მაღალია. ზაფხულის სეზონისთვის დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.
რადგანაც ევროპასთან გაქვს უვიზო მიმოსვლა ინტერესი უფრო ევროპის პორტებიდანაა, თუმცა მოთხოვნაა ამერიკის და აზიის საკრუიზო მიმართულებებზეც. თუმცა ძირითადი მაინც ევროპაა. დღეისათვის ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადა ბარსელონიდან გასვლა, რომელიც საბოლოო ჯამში 7 დღეს აერთიანებს.
რაც შეეხება ფასებს, დამოკიდებულია თუ რამდენი ხნით ადრე ყიდულობ. რაც უფრო შორს ჯავშნი, მით უფრო კარგ ფასშია შემოთავაზება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც „ბოლო წუთის“ ჯავშანიც საკმაოდ კარგი ფასით შეიძლება იყიდო“, - აცხადებს ლალი ბეშკენაძე.
მისივე განმარტებით, დღეისათვის ივნისზე 2 ადამიანზე კაიუტა საშუალოდ 1200 ევროა. აღნიშნული ტარიფი მოიცავს მხოლოდ საკრუიზო ლაინერის მომსახურებას.
„საკრუიზო მოგზაურობა თანდათან უფრო პოპულარული ხდება და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ერთი გასვლით 5-7 ქალაქს ნახულობ. არის კრუიზი, რომელსაც იტალიიდან იწყებ და ნახულობ საბერძნეთს, ესპანეთს, შეუძლია ნახო ხორვატიაც“, - ამბობს Express Voyager-ის კავკასიის რეგიონში წარმომადგენელი.
ლალი ბეშკენაძის თქმით, უკვე აქტიურად დაწყებულია შემოდგომის ჯავშნების მიღებაც.
„შემოდგომით ის მიმართულებებია აქტუალური, რომელიც ზაფხულში არაა აქტიური. იგივე ლათინური ამერიკა, კარიბის ზღვის აუზი, აბუ დაბი-დუბაის მხარეც საკმაოდ საინტერესოა“, - ამბობს ლალი ბეშკენაძე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება