9 ოქტომბერს, სასტუმრო პულნაში, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის კითხვებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს და მოახლოებულ მატჩებთან ერთად, მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ მატჩს გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შეკრება დღეიდან თბილისში იწყება.
ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "მეც, მთავარი მწვრთნელი და მთელი ნაკრები ძალიან თვითკრიტიკულები ვართ. ზედიზედ სამი მარცხი ძალიან ცუდი შედეგია. ყოველთვის ვიღებთ კრიტიკას. მნიშვნელოვანია სტატისტიკა და მე არ მახსენდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიმე მწვრთნელს, შოტლანდიასთან თამაშამდე, 10 ოფიციალური მატჩიდან 8 მოეგო და 2 ფრედ დაესრულებინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიღებთ ჯანსაღ კრიტიკას და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია, რისთვისაც ერთიანობა მნიშვნელოვანია.
ერთა ლიგის შექმნის შემდეგ, უეფაა პასუხისმგებელი ამხანაგურ მატჩებზე და გუნდების მოძიებაზე. ხუთგუნდიან ჯგუფში ვართ და ყოველ სანაკრებო პაუზაზე ორი თამაში არ გვაქვს. შესაბამისად, ამხანაგური მატჩებს ორგანიზება უეფასთან შეთანხმებით ხდება. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამხანაგური შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაგვეტარებინა და სწორედ ამიტომ იყო შერჩეული ეს მოწინააღმდეგე.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი რომ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების უდიდესი დამსახურებაა. სწორმა ანალიზმა და ერთიანობამ მიგვიყვანა წარმატებამდე ერთა ლიგაზე და ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე. წინ მნიშვნელოვანი თამაშები გველის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი წარმატებას მიაღწევს".
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში