USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სკიჯის სახლი“ გაფართოვებას და გურიაში გასტრონომიული სივრცის მოწყობას გეგმავს

„სკიჯის სახლი“ გაფართოვებას და გურიაში გასტრონომიული სივრცის მოწყობას გეგმავს

2024-05-30 10:00:00

საოჯახო სასტუმრო „სკიჯის სახლი“, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარეობს, დამოუკიდებელი გასტრონომიული სივრცის მოწყობას ევროკავშირის პროექტის (#მწვანეგურია) ფარგლებში გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან სკიჯის ოჯახის წევრმა მაკო ცირეკიძემ განაცხადა, ევროკავშირის დაფინანსებით გურიაში ახალი პროექტი „მწვანე გურია“ იწყება, რომელიც ვრცელდება გურიის სამივე მუნიციპალიტეტზე. პროექტის ფარგლებში „სკიჯი“ სტანდარტების შესაბამის გასტრონომიული სივრცის მოწყობას გეგმას, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც „სკიჯის სახლის “ სტუმრების გამასპინძლება, ასევე ინდივიდუალური სტუმრების მიღება, რაზეც მოთხოვნა ძალიან დიდია.

“საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, ტურიზმის განვითარება, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, გარემოს დაცვა (ბუნებრივი საფრთხეების შემცირება) და ბუნებრივი რესურსების მართვა, ქალებისა და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, კულტურა, განათლება და სპორტი, სხვადასხვა საქმიანობის მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის ამაღლებას. პროექტი ითვალისწინებს ფინანსური თანამონაწელეობის პრინციპს. შესაბამისი პროცენტულობით შესაბამის თანხაზე.  პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 31 მაისს სრულდება. ზაფხულის პერიოდი დაეთმობა შერჩევა-შეფასების ეტაპს, სექტემბრიდან კი უკვე გვეცოდინება შედეგები. გამარჯვების შემთხვევაში, შემოდგომიდანვე დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს რომ მომავალი სეზონისთვის სრული გასტრონომიული, სტანდარტების შესაბამისი სივრცე გვქონდეს.

ასევე, რამდენიმე დღის წინ შევიტანეთ განაცხადი გურიის რეგიონში მცირე ზომის საოჯახო სასტუმროებისთვის გამოცხადებულ პროექტზე -"მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა ტურიზმის სექტორში", რომლის ფარგლებშიც გვინდა რომ კოტეჯებზე დავამონტაჟოთ მზის ელექტროსადგურები, რაც ჩვენ ეკო-მეგობრულ მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს და რითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ გლობალური დათბობის პროცესის შეფერხებაში და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF Small Grants Programme) ფინანსური მხარდაჭერით რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.“ - აღნიშნავს მაკო ცირეკიძე.

„სკიჯის სახლი“ ჩირის წარმოების გარშემო განვითარებული ეკო-ტურისტული კომპლექსი გურიაში რომელმაც საქმიანობა 2016 წლიდან დაიწყო . დროთა განმავლობაში ბრენდის საქმიანობები ასე ჩამოყალიბდა: სკიჯი - ჩირის წარმოება ადგილობრივი ხილისგან, 150-წლიან გურულ ოდაში; სკიჯის სახლი - ეკო-ტურისტული განთავსების სივრცე; სკიჯის სამზარეულო - ტრადიციული გურული კერძები, ჩირის აქცენტებით; ჩირის დამზადების და კულინარიული მასტერკლასები;  ირკვევა, რომ  „სკიჯის სახლის“ ძირითადი ვიზიტორები ევროპელი ტურისტები არიან, (გერმანია, შვეიცარია, ავსტრია )რომელთაც განსაკუთრებით იზიდავთ მსგავსი, ეკომეგობრული და ბუნებრივი გარემო.

„დაკვირვებით ჩანს, რომ  ჩვენი ტიპის გარემო ევროპელ ტურისტებს უფრო იზიდავს. ამაზე გავლენას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი ავიარეისიც ახდენს. მაგრამ, მეორეს მხრივ, სოფლის ტურიზმი, ეკოლოგია, ხელნაკეთი პროდუქტი, ნაკლები ინფრასტრუქტურა, მაგრამ მეტი კომფორტი სიჯანსაღის კუთხით, აინტერესებს სწორედ ევროპელ ტურისტებს. გალფის ქვეყნებიდან ტურისტები სულ სხვა ტიპის დასვენებას ირჩევენ, როგორიცაა მრავალვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსები. ევროპელს კი უფრო ბუნებასთან სიახლოვეზე და ეკოლოგიაზე აქვს მოთხოვნა. ევროპელები ეძებენ ავთენტურ გარემოს, სიამოვნებას იღებენ სოფელში ხეტიალით, ბოსტანში ფუსფუსით და უბრალოდ ბუნებაში წიგნის კითხვით. განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი საკვები, რასაც ადგილობრივი პროდუქტით და ჩვენი ექსპერიმენტული სამზარეულოთი ვთავაზობთ“, - აცხადებს  სკიჯის ოჯახის წევრი.

მაკო ცირეკიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გარკვეული ჯავშნებიც გაუუქმდათ.

მიმდინარე წლის ივლისში  კი „სკიჯის სახლი“, როგორც  პარტნიორი და მასპინძელი, ფლეიტისტთა მერვე ფესტივალს უმასპინძლებს საქართველოში, რომელიც ქართულ-შვეიცარული პროექტია. ორგანიზატორებმა, წელს, ფესტივალის ლოკაციად გურია, ჩოხატაური, აირჩიეს.  მუსიკოსთა ჯგუფი ღამისთევით სწორედ სოფელ ხიდისთავში, „სკიჯის სახლში“ დარჩება და იქვე გამართავენ რეპეტიციებსაც.

„გარდა მსგავსი პროექტებისა, აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს როგორც სოციალური ქსელებიდან (Fb, Instagram) ისე, booking-ის და airbnb-ის საშუალებით. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან.

ჩვენი უპირატესობაა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგიური გარემო, ეკომეგობრული კოტეჯები, ადგილობრივი სამზარეულო, სეზონური პროდუქტები და ეს ყველაფერი ხილის და  ჩირის აქცენტებით, რადგანაც ჩვენი საქმიანობა ჩირის წარმოებით დაიწყო. ეტაპობრივად კი განვავითარეთ აგროტურისტული და გასტრონომიული მიმართულება.

 

აგროტურისტული ბიზნესი დაიწყო საოჯახო სახლით, სადაც მოვაწყვეთ 5 სასტუმრო ნომერი. ხოლო 2023 წელს ეზოში დავამატეთ 3 დამოუკიდებელი კოტეჯი. ჯამში გათვლა გაქვს ერთდროულად 20 სტუმრის მიღებაზე, რომელთათვისაც საინტერესოა სოფლის ტურიზმი, ეკოლოგია, ბუნებასთან კავშირი.

უცხოელ ტურისტებს ერთნაირად აინტერესებთ მთა და ზღვა. კურორტი ბახმარო და შავი ზღვის სანაპიროები ჩვენგან მხოლოდ 40 კილომეტრშია. ასევე, ათვალიერებენ სოფელს, ძველ სახლებს, მდინარის სანაპიროებს, კულტურულ ძეგლებს…“

რაც შეეხება ადგილობრივ განსტრონომიას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა კერძი ერთნაირად და ძალიან მოსწონთ. მათი ემოციებიდან და შთაბეჭდილებებიდან ვრწმუნდებით, რომ თუ კი რამეზეა დღეს მსოფლიოში მოთხოვნა, ეს ნამდვილად არის სოფლის ტურიზმი, გასტრო ტურიზმი, ავთენტური გარემო და ბუნებასთან სიახლოვე.

კერძებში აღაფრთოვანებთ ის, რომ სეზონურ პროდუქტებზეა ყველაფერი მორგებული, განსაკუთრებით მოსწონთ ხაჭაპური, ასევე სახლში დამზადებული ჯემები და მურაბები, ადგილობრივი თაფლი, სახლში გამომცხვარი კექსი. მოსწონთ ყველა კერძი, რომელიც მათ თვალწინ მზადდება. გვაქვს ასევე ჩვენი საფირმო კერძი, რომელიც ჩირებისგან კეთდება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი სამზარეულო მათთვის ნომერ პირველია“, - აღნიშნა  Business Insider Georgia-სთან მაკო ცირეკიძემ.

მაკო ცირეკიძის თქმით, საოჯახო ბიზნესი, რომელიც ჩირის წარმოებით დაიწყო დღეს სამ მიმართულებას აერთიანებს: ჩირის წარმოება, სასტუმრო და ადგილობრივი განსტრონომია.  ჩირის საწარმო, რომელიც 150 წლის გურულ ოდაშია განთავსებული,  აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული მანქანა დანადგარებით. გასულ წელს  საწარმომ  „HACCP“  სტანდარტი მიიღო და ექსპორტზე გასვლაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

„სკიჯი“ ასე ჰქვია ჩირის ბრენდს, რომელიც ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე- #წერტის და #ქუქიბეიქერის ქსელში იყიდება. ასევე „სკიჯის“ ახალი პარტნიორია წიგნიერი კაფე #ეარი. ბრენდი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ სოლიდურ ქსელთან, რომლის შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.  საწარმოში ყოველწლიურად 20 ტონამდე ხილის გადამუშავება ხდება, საიდანაც 5 ტონა ჩირი მზადდება. გარდა ჩირისა, საწარმო უშვებს ხილის ჩაის და  ჯანსაღ ტკბილეულს გატარებული ჩირის კანფეტებს სახით, რომელსაც ოთხი მიმართულება აქვს: საბავშვო, კალორიული, დიაბეტური და ფიტნესი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები