რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამრჯვებული კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტს ააშენებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.
„როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა. 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore); (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd). კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს), რომლის შემდგომაც დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტრო/სააგენტო ახორციელებს ინვესტორი/კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესს, რომელიც ინვესტიციას განახორციელებს სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში (შემდგომში „კონცესიონერი“), რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური საქართველოს მთავრობასა და კონცესიონერს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების თანახმად.
„აღნიშნული წარმოადგენს ინსტიტუციურ საჯარო და კერძო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიის მეშვეობით იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი. სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. ინვესტორის შერჩევის შემდგომ, ზემოხსენებული სახელმწიფო კომპანია შერჩეულ კერძო პარტნიორთან ერთად დააფუძნებს ერთობლივ კომპანიას, სადაც სახელმწიფო კომპანიას ექნება 51% წილი, ხოლო კერძო პარტნიორს 49%. საჯარო და კერძო პარტნიორს შორის შემოსავლისა და ფუნქციების გადანაწილების საკითხი დაზუსტდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, RFP-ს სტადიაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს: ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას; ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას; საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას; საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას; პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას.
„პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი (7,800,000 ტონა), ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება