მოსალოდნელია, რომ წელს საქართველომ 30%-ით მეტი თხილის მოსავალი მიიღოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განუცხადა.
არის მოლოდინი, რომ თხილის მოსავლის მოცულობამ (გაუტეხავი თხილი) 55 ათასი ტონა შეადგინოს. რაც შეეხება ხარისხს, როგორც თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, იმ ფერმერებს, რომლებმაც წამლობა დათქმულ ვადებში ჩაატარეს ხარისხიანი მოსავალი მიიღეს, ხოლო ვინც თხილის ბუჩქები სახელმწიფოს დახმარების მიუხედავად არ შეწამლა, მათ მიერ მიღებული თხილის ხარისხი დაბალია.
მისივე თქმით, თხილის ფასი დამოკიდებულია ხარისხზე.
„ვინაიდან თხილი არის სველი, დღეის მდგომარეობით, სამეგრელოში უმაღლესი ხარისხის 1 კილოგრამი თხილის ფასი 2,80-ლარიდან 4-ლარის ფარგლებშია. კახეთის რეგიონში, სადაც თხილის ხარისხი უფრო მაღალია, სეზონზე გაუტეხავი 1 კილოგრამი თხილის ფასი, სავარაუდოდ 6-7-ლარი იქნება“, -ამბობს ლევან ქარდავა.
რაც შეეხება თურქეთს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტით პირველია და გარკვეულწილად ფასსაც განსაზღვრავს, ბოლო მონაცემებით, 1 კილოგრამი თურქული გაუტეხავი თხილი $3 ღირს. „გასათვალისწინებელია, რომ ეს არის მშრალი თხილის ფასი, რომლის გამოსავლიანობაც 50%-ია, ხოლო საქართველოში სველი თხილიდან გამოსავალი 25%-ია“, - ამბობს ლევან ქარდავა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში