2023 წლის დეკემბერში, თბილისში, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ ნოემბერთან შედარებით საგრძნობად იმატა, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,680 შეადგინა და წინა თვის მაჩვენებელს 14%-ით გადააჭარბა. თუმცა, მაღალი საბაზისო ეფექტის გამო, წლიურ ჭრილში 4%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2023 წლის დეკემბრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი $1,205-ს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. წლიურმა ზრდამ კი 12% შეადგინა.
გაზრდილი ფასების ფონზე ბაზრის მოცულობამ $296 მილიონს მიაღწია და 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი $12.2-ს გაუტოლდა, წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
იქიდან გამომდინარე, რომ გასაყიდი ფასი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ქირა, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები კვლავ კლებად ტრენდზე დარჩა და 10.7% შეადგინა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (-0.3პპ თ/თ).
2023 წელს თბილისში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობმა (საცხოვრებელი) 1.5 მილიონ კვადრატულ მეტრს მიაღწია და წლიურად 56%-ით გაიზარდა.
2023 წლის დეკემბერში 662 ახალი ბინა გაიყიდა და ნოემბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. თუმცა, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით 21%-ით შემცირდა.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვების რაოდენობამ 3,018 შეადგინა, წინა თვესთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და წლიურად 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ახალი ბინების წილი მთლიან გაყიდვებში 18%-ს გაუტოლდა. საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად გაიზარდა როგორც ახალი (+14%), ისე ძველი (+11%) ბინების შემთხვევაში.
თვიურ ჭრილში, გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის 3.8%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში მცირედი ცვლილება დაფიქსირდა (+0.9% თ/თ).
2023 წლის დეკემბერში 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინების გაყიდვების წილმა ტრანზაქციებში 40% შეადგინა (-3 პპ, თ/თ). 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 5% შეადგინა.
მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 15% შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 4 პროცენტული პუნქტით მეტია.
თბილისის უბნები
2023 წლის დეკემბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (19.1% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალო (18.3%).
ახალი ბინების გაყიდვების წლიური ზრდა ისანში, სამგორში, საბურთალოსა და დიდ დიღომში ფიქსირდება. მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა გლდანში.
ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ ნაძალადევში, დიდუბესა და დიდ დიღომში შეიმჩნევა.
იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე ვაკესა და მთაწმინდაზე $2,000-ის ფარგლებში მერყეობს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი ზრდით მთაწმინდა (+26%), სამგორი (+20%) და კრწანისი (+19%) გამოირჩეოდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება