USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტაილანდთან და კვიპროსთან მნიშვნელოვანი თამაშები გველის - ამ მატჩებმა თავდაჯერება უნდა მოგვცეს | ვილი სანიოლი

ტაილანდთან და კვიპროსთან მნიშვნელოვანი თამაშები გველის - ამ მატჩებმა თავდაჯერება უნდა მოგვცეს | ვილი სანიოლი

2023-10-09 16:22:13

9 ოქტომბერს, სასტუმრო პულნაში, ეროვნული ნაკრების საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. მედიის კითხვებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს და მოახლოებულ მატჩებთან ერთად, მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.  

ოქტომბრის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ მატჩს გამართავს. 12 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება, ხოლო 15 ოქტომბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ესპანეთთან მატჩთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი, პასუხისმგებელი მე ვარ. ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინეს, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო ოთხი მცველით თამაში. ვიფიქრე, რომ ცვლილებების დრო იყო, რადგან გუნდი მუდმივად ერთი სისტემით ვერ ითამაშებს და ყოველთვის სჭირდება სათადარიგო გეგმა. სწორედ ამის გაკეთება ვცადეთ ესპანეთთან და არ მეშინია იმის თქმა, რომ მიღებული შედეგი ჩემი ბრალია. შეცდომა დავუშვი და ამ თამაშმა დამანახა, რომ რაღაცების შეცვლა ნაადრევი იყო. ნორვეგიაში უკეთ ჩატარებულმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ამ დროისთვის სამი ცენტრალური მცველით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. თუმცა, სამომავლოდ, შესაძლოა, ეს შეიცვალოს.  

ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახების დროს ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. პირველ რიგში, თამაშის ხარისხი. მაგალითად, ბუდუ ზივზივაძე კარლსრუეში ბევრს არ თამაშობს, თუმცა ნაკრებში ყოველთვის კარგად ასპარეზობს, სწორი მიდგომა აქვს, ბევრს შრომობს და გოლები გააქვს. მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობისა, ბუდუ ხშირად არის ჩვენთან ერთად, რადგან ამას იმსახურებს. კლუბში არსებული ვითარება ეროვნული ნაკრებისგან განსხვავდება. აბურჯანია და გოჩოლეიშვილი ბოლო 3-4 შეხვედრაში სათანადო დონეზე არ იყვნენ. სწორედ, ამიტომ არ არიან ამ შეკრებაზე ჩვენთან და ამით მინდა ვაჩვენო, რომ უფრო მეტის გაკეთება სჭირდებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის ნაკრების კარი დახურულია. როდესაც მოგება და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვსურს, ალოგიკურია გამოიძახო ნაკრებში ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო პერიოდში თავი ვერ გამოიჩინა. მსგავსი შემთხვევა სხვა ფეხბურთელებთანაც ყოფილა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ისინი დაუბრუნდნენ ნაკრებს.

გიორგი გოჩოლეიშვილი ნაკრებში პირველად მაროკოსთან მატჩის წინ გამოვიძახეთ. იყო ჩვენთან ერთად მომდევნო შეკრებებზე, რაც ნიშნავს, რომ მას ვენდობი. თუმცა, ნდობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხარისხი, რაც ბოლო მატჩებში აკლდა. ახლა რომ გამომეძახებინა, ეს იქნებოდა ნიშანი სხვა ფეხბურთელებისთვის, რომ შეცდომების დაშვების შემთხვევაში, ისინი მაინც მოხვდებიან ნაკრებში. სამართლიანი უნდა ვიყო, თუმცა გოჩოლეიშვილის სანაკრებო სიაში არყოფნა არ ნიშნავს, რომ ნოემბერში ან მარტში ჩვენთან ერთად არ იქნება. ეს მასზეა დამოკიდებული, მეტი უნდა იშრომოს, ითამაშოს კლუბში. მას პირველი სეზონი აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დრო სჭირდება. საკმაოდ მოკლე პერიოდში, საბურთალოდან ეროვნულ ნაკრებში და ჩემპიონთა ლიგაზე აღმოჩნდა. მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრე თუ გვიან, ნაკრებში დაბრუნდება, რადგან აქვს ამის პოტენციალი. თუმცა ამ ეტაპზე, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ.

ერთა ლიგაზე წარმატებულმა ასპარეზობამ პლეი-ოფში თამაშის და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მოგვცა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მთავარი მიზანია. საქართველოსთვის ეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის უმოკლესი გზაა. რა თქმა უნდა, ახლა საკვალიფიკაციო ეტაპზე ვართ და ძლიერი მეტოქეები გვყავს ჯგუფში. ასეთ გუნდებთან თამაშის დიდი გამოწვევაა, თუმცა სწორედ ასეთ შეხვედრებში ვხვდებით უფრო უკეთესი გუნდი. მარტი ძალიან მნიშვნელოვანია და გვაქვს დრო ახალი ფეხბურთელების სანახავად. ივა გელაშვილი ამ პროცესის ნაწილია. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, იქ ბევრს ისწავლის და მივეცი შანსი, გვაჩვენოს რისი გაკეთება შეუძლია ეროვნული გუნდისთვის. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა ახალწვეულების რაოდენობით. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მოდის ეროვნული გუნდში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა, თუ გუნდისთვის წარმატების მოტანა შეგიძლია. 

ტაილანდთან და კვიპროსთან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ამ მატჩებმა თავდაჯერება უნდა მოგვცეს ნოემბერში და მარტში გასამართი შეხვედრების წინ. ტაილანდთან ამხანაგური შეხვედრა ისეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც კვიპროსთან მატჩი".

საქართველოს ნაკრები უახლოესი ორი მატჩისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შეკრება დღეიდან თბილისში იწყება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები