მიმდინარე წელს კომპანიის გაყიდვები და ჩვენი პარტნიორების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ,,ზარბაზანის" კომერციულმა პარტნიორმა და დირექტორმა ნანა დავითაძემ განუცხადა.
ქართული კოსმეტიკური ბრენდი ,,ზარბაზანი“ ჰორეკა სექტორში რამდენიმე თვის წინ შევიდა.
„ზაფხულის სეზონზე ჰორეკა და სასტუმროების სექტორიდან შეკვეთების მოცულობა გაიზარდა. უკვე 60-მდე პარტნიორი გვყავს, რომელსაც ვაწვდით ამენითებს (საპონი, შამპუნი, შხაპის გელი) . ახლახან შევედით ბათუმის სასტუმრო STEPS-ში, სადაც 360 ნომერია. ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობა და ინტერესი სწრაფად იზრდება. ნაწარმისთვის ნატურალური ინგრედიენტები და ბაზა ლონდონიდან შემოგვაქვს“,- ამბობს ნანა დავითაძე.
მისი თქმით, „ზარბაზანი“ სასტუმროებს 5 პროდუქტისგან შემდგარ ნაკრებს აწვდის. ნაკრებში შედის შამპუნი, კონდიციონერი, შხაპის გელი, თხევადი საპონი და ლოსიონი.
„დაკვეთებთან ერთად, „ზარბაზანის“ წარმადობა პირდაპირპროპორციულად იზრდება. თვეში ვაწარმოებთ 20 ათას ლიტრს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წარმოების ზრდასთან ერთად გაიზარდა თანამშრომლების რაოდენობა. კომპანიაში უფრო მეტი ტექნოლოგი მუშაობს“, - ამბობს ნანა დავითაძე.
4 დასახელების ღვინისგან - ხვანჭკარა, რქაწითელი, საფერავი და ოჯალეში, „,ზარბაზანი" 25 სახის პროდუქტს ქმნის. მათ შორისაა შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.
ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს და 30-მდე ადამიანია დასაქმებული.საწყისი ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება