ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის ახალმა კომპანია Izy-მ დაიწყო ოპერირება. Izy მომხმარებლებს პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს.
Izy -ის პროდუქცია იდეალურია მათთვის, ვისაც ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვს, ასევე, მნიშვნელოვანია მოლაშქრეებისთვის, რადგან სუბლიმირებული კერძები და სხვადასხვა ხილის ხემსები მსუბუქია, რაც ხელსაყრელია გადაადგილების დროს.
ამ ეტაპზე წარმოდგენილი მენიუ მოიცავს სამ ძირითად კერძს: ქართული ლობიო შენელებული სუნელებით, კარტოფილის პიურე შებოლილი სულგუნით და უკრაინული ბორში. უახლოეს პერიოდში ასორტიმენტს დაემატება კიდევ 3 ძირითადი კერძი.
„ჩვენი კერძები არის ვეგანური, ვეგეტარიანული და უგლუტეინო. ასევე გასაყიდად წარმოდგენილი გვაქვს შებოლილი ხრაშუნა სულგუნის ხემსი, ბანანის და ვაშლის სამი სახეობის ნაზავი (მწვანე ვაშლი "სმიტი", "გოლდენი" და წითელი ვაშლი "სტარტი").
აგრეთვე, მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ხილის ხემსის ფართო არჩევანს, რომელთა გაყიდვასაც უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, როგორიცაა: ჟოლო, გარგარი, ატამი, ნესვი და სხვა“, - ამბობს Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელი და ინვესტორი, კანადელი უილლიამ გრასი, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა, ოჯახი შექმნა და ბიზნესი წამოიწყო.
„საწყისი ინვესტიციის ღირებულება საკმაოდ მაღალია ამ ბიზნესში იმ ტექნოლოგიის გამო, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ კვების პროდუქტის გარდაქმნისთვის. საჭიროა სხვადასხვა სპეციალიზებული აღჭურვილობა როგორიცაა: აზოტის შესაფუთი დანადგარი, შოკ მაცივარი, ყინვაში-გამოსაშრობის დანადგარი და ყველა ის ძირითადი ინვენტარი რაც ინდუსტრიულ სამზარეულოს სჭირდება. ასევე, ლაბორატორიული აღჭურვილობა, რადგან ჩვენი პროდუქცია უსაფრთხოა მომხმარებლისთვის, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს. ამჟამად, ჩვენი საწარმო თბილისში მდებარეობს. სამომავლოდ, წარმოების გაფართოებას და შტატების გაფართოებას ვგეგმავ.
რაც შეეხება წარმადობას, ვინაიდან საქართველოში, ორი წელი მოვანდომეთ ამ საქმიანობის დანერგვას, თითოეული ინვენტარის იმპორტს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ასევე, ხანგრძლივი პროცესს მოიცავდა პროდუქციის ტესტირება, სურსათის სტანდარტის HACCP-ის დანერგვა და კარგი მომწოდებლის მოძიება. სწორედ, ამ ეტაპების გავლის შემდგომ, დღეს, უკვე მზად არის Izy-ის გუნდი მომხმარებელს შესთავაზოს სუბლიმირებული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც გათვლილია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ამ ეტაპზე, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსხვილ ქსელურ მაღაზიების ხელმძღვანელ პირებთან და უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ISO22000 დანერგვას, რათა პროდუქციის ექსპორტი განვახორციელოთ. - ამბობს უილლიამ გრასი.
კომპანიის გენერალური დირექტორის ანა შაქარაშვილის ინფორმაციით, ხილის ხემსები იდეალური ნუგბარია პატარებისთვის, რადგან მას არ აქვს არანაირი დანამატი. „ხშირად მესმის კითხვა ჩვენი პროდუქციის წარდგენის დროს, ეს ჩირია? მსურს, ეს საკითხი უფრო ფართოდ განვმარტო , რადგან ბევრისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია განსხვავება ჩვენი ხილის ხემსსა და ჩირს შორის. ჩირის ტექნოლოგია რადიკალურად
განსხვავებული და მარტივია, იმ ტექნოლოგიასთან შედარებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ყინვით-გამოშრობის ტექნოლოგია, იგივე ლიოფილიზაცია, რომელსაც ფარმაცევტული ინდუსტრია იყენებს ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების წარმოებაში. მისი საშუალებით პროდუქტი რამდენჯერმე იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე, შემდეგ კი, ხდება ყინულის ამოღება ვაკუუმ კამერაში სუბლიმაციის პროცესით. პროდუქტი ვაკუუმში, მაღალი წნევის პირობებშია განთავსებული. ამ პროცესში წყლის ყინული არ კრისტალიზდება, რაც უჯრედების დაუზიანებლად შენახვას უწყობს ხელს. ყინული პირდაპირ აირად გარდაიქმნება, რომელიც გარეთ იტუმბება. პროდუქტის "გამოსაცოცხლებლად" მხოლოდ რეჰიდრატაციაა საჭირო, რის შემდეგაც ის თავდაპირველი მახასიათებლების 97% ინარჩუნებს. ჩვენ ვიყენებთ სწორედ ამ მაღალტექნოლოგიურ გამოშრობას. სწორედ ეს ტექნოლოგია ინარჩუნებს კვებით ღირებულებას, ფორმას, ფერს და რეჰიდრატაციის დროს არ განსხვავდება გემოვნური თვისებები მისი მომზადების დღიდან. ყინვაში-გამომშრალი ხილის ხემსი შეიძლება იყოს აუცილებელი საკვები ნივთიერებების კარგი წყარო ბავშვებისთვის, როგორიცაა ვიტამინი C, ბოჭკოვანი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი ზრდისთვის, იმუნური სისტემისთვის და საერთო ჯანმრთელობისთვის. ყინვაში-გამომშრალი ხილის ხემსები მზადდება შაქრის ან კონსერვანტების დამატების გარეშე, რაც მათ უფრო ჯანსაღ არჩევანად აქცევს ჩირთან შედარებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დამატებით დამატკბობლებს და ხელოვნურ ინგრედიენტებს“,- ამბობს ანა შაქარაშვილი.
Izy-ის ხემსები უკვე გაყიდვაშია რამდენიმე საცალო მაღაზიაში, როგორიცაა outdoors.ge, უნივერსამი,მარი მარკეტი, Adjarapeak, ყაზბეგში, მაღაზია “SKA” და “Lunch Time Kazbegi” , შებოლილი სულგუნის ხრაშუნები გაყიდვაშია ლუდის მაღაზიათა ქსელ “Beer Market”-ში . ასევე, სააფთიაქო ქსელ “ნეოფარმში”, სადაც პატარებისთვის კომპანიის პროდუქციის ძირითადი ნაწილი - სხვადასხვა ხილის ხემსები გაიყიდება.
„ჩვენს ვებგვერდზე www.izyfood.ge -ზე ელექტრონული კომერცია იგივე იკომერსი ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია , მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია შეკვეთების მიღება ელექტრონული ფოსტით. აგრეთვე, ჩვენ პროდუქციას ვთავაზობთ იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობის სფეროა შოკოლადის წარმოება, მოლეკულური გასტრონომია, კოქტეილის დამზადება და სხვა“,-ამბობს ანა შაქარაშვილი.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება