უძრავი ქონების სააგენტოების პროგნოზით, ამ ბაზარზე გაძვირების ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება.
ამის მიზეზი შესაძლოა, რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადება გახდეს, რაც ფასებზეც ადეკვატურ გავლენას მოახდენს.
როგორც უძრავი ქონების კომპანიების წარმომადგენლები Business Insider Georgia -სთან ამბობენ, მიგრანტების ახალი ნაკადის შემოსვლა ბინების ქირისა და გაყიდვის საფასურს საგრძნობლად გაზრდის.
კომპანია ,,კიბეს“ დამფუძნებლის ნელი გოგუაძის თქმით, მიმდინარე ეტაპზე მოთხოვნა შემცირებულია, თუმცა ფასები კვლავ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.
გოგუაძე ვარაუდობს, რომ ახალი მიგრანტების შემოსვლით მოთხოვნაც და ფასიც ერთბაშად მოიმატებს. რუსეთიდან მოქალაქეების ახალი ნაკადის შემოსვლა საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას და ფასსაც საგრძნობლად გაზრდის, რომელიც რეალიზაციის კლების მიუხედავად, ჯერჯერობით მაღალ ნიშნულზე რჩება.
„მოთხოვნის პიკი იყო 2022 წლის პირველ ნახევარში, შესაბამისად, ფასები მკვეთრად გაიზარდა და პიკს მიაღწია. დღესდღეობით კლიენტი არ არის, მაგრამ გაზრდილი ფასები დაბლა არ იწევს. რუსეთის მიერ კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადება მდგომარეობას შეცვლის. ნეგატიური მოლოდინი ბაზარზე უკვე შეინიშნება. ყალბი ინფორმაციაც კი მომენტალურად ცვლის სიტუაციას. მით უმეტეს ახლა, როცა საუბარია, რომ მარტიდან ისევ შემოვლენ რუსი მიგრანტები და უძრავი ქონების ფასი მოიმატებს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რა ნიშნულამდე შეიძლება ძვირდებოდეს უძრავი ქონება. პიკი იყო უკვე და ამაზე მეტად თუ გაძვირდება, გამოდის, რომ ქართველებისთვის უძრავი ქონება ძნელად ხელმისაწვდომი გახდება. რუსეთის ფაქტორის გავლენას ბაზარზე არასტაბილურობა შემოაქვს“, - განაცხადა ნელი გოგუაძემ Business Insider Georgia-სთან.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ბინები იქირავეს, არ აპირებენ ქვეყნიდან წასვლას. ნაწილი უკვე ფიქრობს უძრავი ქონების შეძენას, ვინაიდან ქირის გადახდა აღარ აწყობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კი უძრავი ქონება 24%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ,,თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 28%-ით გაიზრდება.
ფინანსური ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დროს უძრავი ქონების ღირებულება გამუდმებით იზრდება, ამიტომ მომავალში ფასი შესაძლოა, იმ დონეზე მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ ვერც ბინის და ვერც მიწის შეძენა.
ცნობისთვის, გასულ თვეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლება, 2022 წლის შემოდგომაზე მობილიზებული 300 000 ადამიანის გარდა, კიდევ 500 ათასი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება