„საირმე მინერალ ვოთერსის" ხედვები გაფიცული დასაქმებულებისთვის ცნობილია. კომპანია მზადაა, მუშებთან შეთანხმების მისაღწევად, თუმცა მათი მოთხოვნების 100%-ით დაკმაყოფილების გარანტიას ვერ იძლევა.
მთავარი საკითხი, რასაც დასაქმებულები ითხოვენ, შრომის ანაზღაურების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
თუმცა, „საირმის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან კასრაძე Business Insider Georgia- სთან ამბობს, რომ 2022 წელს კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასები 50%-ით გაუზარდა და გარკვეულ დათმობაზე ახლაც აპირებს წასვლას, თუმცა კონკრეტულ შეთავაზებებს კასრაძე არ აკონკრეტებს.
„ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. პირველ რიგში ვიტყვით, რომ ჩვენ ახალი კადრები არ მოგვიყვანია. წარმოება მუშაობს. შესაძლოა, ვიღაც ახალმოსულია, მაგრამ უმეტესობა გამოცდილი და დიდხანს დასაქმებული კადრია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპეციალურად არავინ მოგვიყვანია.
ამ ეტაპზე ქარხანაში დასაქმებული 65 ადამიანიდან 27-ია გაფიცული.
ჩვენი პირობები უკვე გავაცანით. რადგან ყველას ხელფასთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა აინტერესებს, გეტყვით, რომ 2022 წელს 50%-ით გავზარდეთ შრომის ანაზღაურება, რაც ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
დასაქმებულებს მოთხოვნის რამდენიმე პუნქტი აქვთ ჩამოყალიბებული, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ ანაზღაურების საკითხს უკავშირდება. ველოდებით, რომ ჩვენს ხედვებს გაითვალისწინებენ და გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ“, - ამბობს ლევან კასრაძე.
ქარხნის გაფიცული თანამშრომლების უფლებადამცველი, არგომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძის Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და პოზიციას ადვილად არ დათმობენ.
„ხელფასების ინდექსაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. 50%-იან ზრდაზე საუბარი გადაჭარბებულია, 800 ლარს იღებს ხალხი, საშუალო ხელფასიც არ გამოსდით. მოყვანილი კადრებით ცდილობენ საწარმოო პროცესის შენარჩუნებას, მაგრამ სინამდვილეში საწარმოო დატვირთვა 10-15%-ს არ აჭარბებს. შეიძლება ითქვას, რომ საწარმოო პროცესი პარალიზებულია. ჩვენთვის მისაღები პირობები არ შემოუთავაზებიათ. სანამ შედეგს არ მივაღწევთ, გაფიცვა არ შეწყდება, მოუწევთ დათმობა", - აცხადებს მედიატორი.
მანამდე, „საირმე მინერალ ვოთერსის“ მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და მედიაციის პროცესი 16 თებერვლამდე გრძელდება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება