რუსეთის მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელიც ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა და უძრავი ქონება შეიძინა, იმდენად ადაპტირდა ქართულ გარემოსთან, რომ სექტორში უკვე დომინანტი გახდა. განსაკუთრებით ეს ეხება აჭარის რეგიონს, სადაც რუსული სააგენტოები მომრავლდნენ.
როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს, საქართველოში ნაყიდ ბინებს, რუსები მასიურად არემონტებენ, ქმნიან კომპანიებს და ჰყიდიან უძრავ ქონებას, მაქსიმალურად ადაპტირდნენ გარემოსთან.
,,ომის შემდეგ რუსებმა რა უძრავი ქონებაც შეიძინეს, უკვე ბაზარზე გამოაქვთ გასაყიდად. ერთი შეხედვით, საცხოვრებლად შეიძინეს ბინები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიზნესად აქციეს. შესაბამისად, ქონების გადაყიდვას ახდენენ და აქტიურად ახერხებენ, რომ ადაპტირდნენ ჩვენს ქვეყანაში. აქ მხოლოდ უძრავ ქონებაზე არ არის საუბარი, ბევრი ბიზნესი აქვთ უკვე ჩვენს ქვეყანაში და სხვადასხვა ტიპის ფულის შოვნის წყარო გაიჩინეს. ყველაზე სარფიანი ამ მხრივ არის უძრავი ქონების შეძენა, გარემონტება და შემდეგ რეალიზაცია. ეს მიმართულება უკვე კარგად აითვისეს. ჰყიდიან ძირითადად რუსებსა და უცხოელებზე, ყველაზე ნაკლებად - ქართველებზე. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ აჭარის რეგიონში უძრავი ქონების დიდი წილი დაიკავეს“, - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი.
მისი თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა, ადგილობრივი ბროკერების დისკრიმინაცია მოხდეს, რადგან მათი საქმიანობის არეალი ამ ეტაპზეც საგრძნობლად შეზღუდულია. „
„დიდ პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოში საბროკერო ბიზნესს არ აქვს ლიცენზირება და ვისაც მოუნდება, შემოდის ამ ბიზნესში, ამ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიკავეს და პოზიცია გაიმყარეს ამ ბიზნესში. უამრავი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის სახელითაც რუსები ოპერირებენ. ჩვენი ასოციაცია 85 უძრავი ქონების კომპანიისგან შედგება და ასევე გვყავს წარმომადგენლობა აჭარის რეგიონში. არის ფაქტები, რომ რუსული კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, შემოგვიერთდნენ, რასაც არ დავუშვებთ. თუმცა იმდენად არის გაძლიერებულები, რომ აჭარაში უკვე დიდ ნაწილს ფლობენ და ლამის დომინანტი გახდნენ ბაზარზე.
ანალოგიური ვითარებაა ყაზახეთში, სადაც უძრავი ქონების სააგენტოების უმეტესობა რუსული კომპანიაა. ამიტომ არის ასე აუცილებელი, რომ რეგულაცია დაწესდეს, რაც დაიცავს მოსახლეობას და ბიზნესსაც. ვხედავთ, რომ ბაზარს არყევენ და ამ პროცესს შეიძლება ერთგვარი სტაგნაცია მოჰყვეს. რუსების შემოსვლამ რადიკალურად შეცვალა სიტუაცია ბაზარზე“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი).
აღნიშნულ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება