ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებლი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ფრენებთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავს და შესაბამისად არც დეტალები შეუთანხმებია.
როგორც გაიაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რეისების დასაგეგმად გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო.
„ჯერჯერობით არანაირი მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. თუმცა მივესალმები სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას.
ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს.
დაველოდები მოვლენების განვითარებას, რადგანაც ბევრი რამეა კიდე საჭირო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ერთ დღეში ფრენებს ვერ დავიწყებთ და რეისის დაგეგმვაც შეუძლებელია“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებებზე განრიგების შედგენა უკვე დაიწყეს, თუმცა გაიაშვილი Georgian Airways-ის მაგალითზე აცხადებს, რომ კომპანიას ფრენების დასაწყებად მომზადება სჭირდება, რადგანაც რეისების დაგეგმვა ერთ დღეში არ ხდება.
„რუსული მხარე შესაძლოა, მომზადებულია, მაგრამ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ. მომავალ კვირას ავიაკომპანიაში თათბირი გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
ბუნებრივია, დაინტერესებული ვართ. ჯერ ერთი ეს ჩვენს ხალხს დაეხმარება. ვინმემ გამაგებინოს რატომ უნდა იარონ ერევნის, ბაქოს, თურქეთის გავლით? მაშინ აგვიხსნან, თუ შეიძლება რუსეთში ველოსიპედით, მანქანით და ტრაქტორით წასვლა, თვითმფრინავით რატომ არ შეიძლება? თუ დემოკრატიაა მივცეთ ხალხს არჩევანი“, - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა და რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებებს პროვოკაცია უწოდა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მოწვეა მოითხოვა.
მოგვიანებით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრენების უფლებას ექნებათ იმ რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც სანქცირებულები არ არიან.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა