გარკვეულია, რომ რუსეთმა საქართველოში ბენზინის ექსპორტისთვის დაწესებული აკრძალვა გააუქმა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, ქართული კომპანიები ისარგებლებენ თუ არა შეღავათიანი ფასით. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, დიდი ალბათობით, შეღავათი არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ საწვავის იმპორტი აზრს დაკარგავს და უპირატესობა ისევ ევროპიდან იმპორტს მიენიჭება, როგორც ამ ეტაპზეა.
,,რუსეთმა ბენზინის ექსპორტს დაუწესა ჯერ შეზღუდვა და მერე უკვე აკრძალა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების გაძვირება. ფასიანი გახადა ეს მომსახურება, რამაც თავდაპირველად მცირე ბიჯებით გააძვირა საწვავი. ახლა აკრძალვა გაუქმებულია და შეგვიძლია ავიღოთ რუსეთში იგივე ,,რეგულარის“ ტიპის საწვავი იმ პირობით, თუ ტარიფი შეღავათიანი იქნება და ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტზე იაფი დაჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთიდან ბენზინის იმპორტს აზრი არ აქვს. ამ ეტაპზე დიდი პროცენტული უპირატესობით ევროპული საწვავის იმპორტს ვახორციელებთ. თუ არ იქნება უფრო იაფი, ვიდრე ევროპიდან, მაშინ კომპანიები რუსულ საწვავს არ შემოიტანენ ანუ არსებული პლატცის პოლიტიკით (პლატცი+) თუ მოგვაწოდებენ აზრი არ აქვს. ეს არ იქნება მომგებიანი არც ბიზნესისთვის, არც სახელმწიფოსა და მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
თავის დროზე, როცა ქართული კომპანიები შევიდნენ რუსულ ბაზარზე და მომარაგება გააქტიურდა რუსეთიდან, ამ პროცესს სწორედ ფასმა შეუწყო ხელი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა შეღავათიანი საფასო პოლიტიკა არ დაბრუნდეს.
,,ევროპულ ბაზართან შედარებით, ბევრად იაფად მოგვეწოდებოდა ბენზინი, სხვაობა 1 ტონა პროდუქტის შემთხვევაში 200-300 ლარით იყო. ეს ძალიან დიდ შეღავათს უწევდა ქართულ ბაზარს და კომპანიებს. აქედან გამომდინარე, გვაწყობდა რუსული ბაზარი და ხარისხიც მისაღები იყო. ცნობილია, რომ რუსეთში კერძო კომპანიებმა საწარმოო გადაიარაღება მოასწრეს და ხარისხი გააუმჯობესეს ანუ ევრო5 ტიპის საწვავს ვიღებდით და განსხვავება მხოლოდ ფასში ფიქსირდებოდა, რის გამოც რუსეთიდან გააქტიურდა შესყიდვები. ეს ლოგიკურია, ბიზნესია, კერძო საკუთრება და სადაც მეტი შეღავათია, ბიზნესმაც იმით ისარგებლა. ამან შედეგი დადო, რაც ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა მერე სხვა რეალობა გაჩნდა და პრიორიტეტი ისევ ევროპულ ქვეყნებს მიენიჭა“, - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთის მთავრობამ 17 ნოემბრიდან რუსეთის ფედერაციიდან საავტომობილო ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვა გააუქმა. ამის შესახებ რუსული მედია ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში