კომპანია „ალფას“ ხელმძღვანელი ირაკლი ციხისთავი Business Insider Georgia-თან ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის გაიაფების ორ ფაქტორს ასახელებს.
ციხისთავი ამბობს, რომ ზეთის ფასის შემცირებას იმპორტიორ ქვეყნებში პროდუქტზე ფასის კლება და ლარის გამყარება განაპირობებს.
„მსოფლიო ბაზარზე საკვები ზეთი გაიაფდა. ამასთან, რუსეთს ჭარბი პროდუქცია აქვს და გაყიდვები შეუმცირდა. აქედან გამომდინარე იძულებულები არიან ფასი დაწიონ.
ფასის შემცირებაზე ასევე მოქმედებს ლარის გამყარების ტრენდი, რადგან დოლარი იაფდება. პროდუქციის შესყიდვა უცხოური ვალუტით ხდება და შესაბამისად ფასის შემცირებაზე ესეც მოქმედებს“, - ამბობს იმპორტიორი.
მისივე თქმით, ზეთზე შემცირებული ფასი შემოდგომამდე შენარჩუნდება.
„ახალი სეზონი სექტემბერში იწყება და სადღაც ივლის-აგვისტომდე ეს ტენდენცია შენარჩუნდება. შემდეგ მზესუმზირის ზეთის ფასი დამოკიდებული იქნება იმპორტიორ ქვეყნებში მოსავლის მოცულობაზე“, - ამბობს ციხისთავი.
კომპანია „ალფა“ ადგილობრივ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის მსხვილი იმპორტიორია, რომელსაც 500-600 ტონა ძირითადად რუსეთიდან შემოაქვს. „
სავაჭრო ქსელებში რუსეთიდან იმპორტირებული 1 ლიტრი ზეთის ფასი 3,80 -5,50 ლარის ფარგლებშია“, - ამბობს „ალფას“ ხელმძღვანელი.
2023 წლის ორ თვეში საქართველომ საზღვარგარეთ 3,353.25 ტონა ზეთი იყიდა, რაც 75%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განზორციელებულ ( ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები) იმპორტზე.
2023 წლის ზეთის იმპორტის შედეგად კი ქვეყნიდან 4,489.28 ათასი დოლარი გავიდა.
ირკვევა, რომ საქართველომ ორ თვეში იმპორტირებული ზეთის 94%-ი რუსეთში შეიძინა. საუბარია სულ 3,151.27 ტონაზე, რაშიც 4,164.76 ათასი დოლარი გადაიხადა.
ზეთის იმპორტიორ ქვეყნებში მეორეა უკრაინა, საიდანაც საქართველომ 187.50 ათასი დოლარის ღირებულების 118.96 ტონა შემოიტანა.
იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მესამეა ბელორუსი (50.09 ტონა).
2023 წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში მხოლოდ 2.85 ტონა ზეთი შემოვიდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1,914.77 ტონა ზეთი იყიდა, რაშიც 2,968.05 ათასი დოლარი გადაიხადა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება