მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებს ქალაქში ავტომობილით გადადგილების ნაწილი დაემატა, ჩვენ ავტოსკოლას, ახალი მოსწავლეების რაოდენობა თითქმის სამჯერ შეუმცირდა - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ავტოსკოლა „ემსის“ დამფუძნებელმა დავით ოძელაშვილმა განუცხადა.
ავტოსკოლის მფლობელი ამბობს, რომ მოსწავლეების ნაკადების შემცირება, ბიზნესის შემოსავლებზე არ აისახა, რადგან მათ უფრო მეტი ინდივიდუალური გაკვეთილი გაიარეს.
„მართვის მოწმობის მისაღებად საჭირო სასწავლო კურსი შედგება სამი კომპონენტისგან - ესაა თეორია, ავტომობილით მოძრაობა მოედანსა და ქალაქში. ადრე ავტოსკოლების სერვისზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო. ახლა ჩვენს მაგალითს თუ განვიხილავთ, ახალი მოსწავლეების ნაკადი თითქმის სამჯერაა შემცირებული. ამას აჩვენებს შსს-ს სტატისტიკაც. ბუმი იყო და წლიურად 50 ათასი ადამიანი იღებდა მართვის მოწმობას. ახლა ამ მიმართულებითაც მკვეთრი ვარდნა“, - ამბობს „ემსის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, ავტოსკოლების სერვისი მართვის მოწმობების საგამოცდო წესში ცვლილების შემდეგ ბაზარზე გაჩენილ მოთხოვნას უნდა მოერგოს.
„ჩვენ სერვისში ყველაზე მოთხოვნადი ქალაქის სწავლება გახდა. რომელიც საკმაოდ რთულია. მოსწავლეებს უწევთ უფრო მეტი თანხა დახარჯონ, მეტი გაკვეთილი აიღონ და გამოცდაზე კარგად მომზადებულები გავიდნენ. აქვე თვალშისაცემია, რომ როდესაც ეს ცვლილება ამოქმედდა 2023 წლის 1-ელ აპრილს, გამოცდაზე გამსვლელები მოუმზადებელი იყვნენ. არ იცოდნენ სპეციფიკა და უფრო მეტი ადამიანი იჭრებოდა ქალაქის გამოცდაზე. დღეს მოსწავლეებს აქვთ უფრო მეტი ცოდნა. ქალაქის გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებელი შემცირდა. მანამდე 83% იჭრებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი ნაკლებია“, - ამბობს დავით ოძელაშვილი.
„ემსის“ ავტოსკოლაში მოედნის და ქალაქში მოძრაობის ერთი გაკვეთილის საფასური 40 ლარია, თეორია 90 ლარი ღირს. ავტოსკოლა „ემსის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სასურველია ავტოსკოლებისთვის მოსწავლეების მოსამზადებლად გარკვეული საათები განისაზღვროს.
„სასურველია დაკანონდეს მართვის მოწმობის ასაღებად სწავლისთვის საჭირო საათები. ეს ევროპული პრაქტიკაა. ჩვენ იძულებულები ვართ რომ გვქონდეს 5-10 -დღიანი სწავლება. თუ მომზადების ვადა გავზარდეთ, მაშინ კონკურენციას ვერ გავუწევთ სხვა სკოლებს. ჩვენი მძღოლები ამ პერიოდში სწავლისთვის განსაზღვრული საათების ნაკლებობის გამო იღებენ არაკვალიფიციურ ცოდნას. აუცილებელია რომ სწავლებისთვის 50 საათი მაინც იყოს განსაზღვრული, როცა დღეს ეს მაჩვენებელი 10 საათია“, - ამბობს ავტოსკოლის დამფუძნებელი. ავტოსკოლა
„ემსი“ 11 წელია ოპერირებს ბაზარზე და კომპანიაში 17 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება