USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ორთვიანი ჩავარდნის შემდეგ, თაფლის მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან - ასოციაცია გამოწვევებზე

ორთვიანი ჩავარდნის შემდეგ, თაფლის მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან - ასოციაცია გამოწვევებზე

2023-05-12 00:55:34

თაფლის მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტისთვის ემზადებიან. ორთვიანი საექსპორტო ციკლის წყვეტის შემდეგ სექტორი განსაკუთრებით მოემზადა, თუმცა არსებობს რიგი გამოწვევები, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდებათ.

როგორც „თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა Business Insider Georgia- თან ამბობს, სტანდარტების დაცვა, სკების რაოდენობის გაზრდა, მწარმოებლების ბაზის გაუმჯობესება და ცოდნის ამაღლება, მთავარი ფაქტორებია, რის გარეშეც დარგი რეალურად ვერ განვითარდება და ევროკავშირის ბაზრებზე პოზიციებს ვერ გაიუმჯობესებს.

ამის წინაპირობა კი, როგორც პაპავა აღნიშნავს, რეგისტრაციასთან ერთად ინსპექტირებაა, რაც წარმოებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს.

მისივე თქმით, თაფლის წარმოებიდან საქართველოს შემოსავალი 2,5-3 მილიონი დოლარის ფარგლებშია. სწორი პოლიტიკის საშუალებით კი შესაძლებელია, 8-10 წელიწადში ეს მაჩვენებლები 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს.

„მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მეფუტკრეთა რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ეს კარგია, მაგრამ პარალელურად უნდა განხორციელდეს ინსპექტირებაც, რაც გააუმჯობესებს ხარისხსა და მიკვლევადობას უზრუნველყოფს. თაფლოვანი მცენარეების გაუმჯობესებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ.

დღეს 3 ათას ტონამდე თაფლს თუ ვაწარმოებთ, შეგვიძლია ეს მაჩვენებელი 8 ათას ტონამდე გავზარდოთ და აქედან 10 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მივიღოთ. 8-10 წლის განმავლობაში ამ მაჩვენებელს 100 მილიონ დოლარამდე გავზრდით.

ევროკავშირიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან იქ საკუთარი წარმოება 60%-ია, დანარჩენი 40 % იმპორტზე მოდის. ჩვენ ამ მოთხოვნას სრულად ვერ უზრუნველვყოფთ, მაგრამ მიწოდების მკვეთრი ზრდა შეგვიძლია, რადგან ეს რესურსი გაგვაჩნია", - აცხადებს ალეკო პაპავა და დასძენს, რომ სექტორს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება.

„კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მჭიდრო კოორდინაციით კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება. დღეს წარმოება გასაჭირშია, რადგან ხარისხის, კვალიფიკაციისა და წარმოების გაუმჯობესების მხრივ რიგ გამოწვევებს ვერ ვპასუხობთ. მართალია, შესაბამისი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს სექტორთან თანამშრომლობით, რადგან ზუსტად მხოლოდ ჩვენ ვიცით, დარგში რა გამოწვევებიც არსებობს“ - აცხადებს პაპავა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი ასოციაციისთვის 500 ტონაა.

რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში უცხოეთში მხოლოდ 0.72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22.5 ათასი ტონა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები