USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნავთობიმპორტიორები ფასების კლებას ვერ პროგნოზირებენ

ნავთობიმპორტიორები ფასების კლებას ვერ პროგნოზირებენ

2023-10-30 08:36:23

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა უსამართლო ომმა სასქონლო ბაზრები თავდაყირა დააყენა. ომი ორი ქვეყნის მასშტაბს ეკონომიკურ ჭრილში მალევე გასცდა და სხვადასხვა პროდუქტის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ბუნებრივია მათ შორის იყო ნათობპროდუქტები. საომარი მოქმედებების კვალდაკვალ ნავთობის ფასზე ნახტომისებურ ზრდას ვუყურებდით.

ევროპის შუაგულში ჯერ ისევ მიმდინარე ომს, ოქტომბრის პირველი ნახევრიდან, ახლო აღმოსავლეთში ვითარების უკიდურესი გამწვავება დაემატა. ამ ეტაპზე ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის გაფართოების რეჟიმშია. Reuters-მა ეკონომისტები  საომარი მოქმედებების დაწყებიდან 2 დღეში გამოკითხა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ომმა ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულად დააზიანოს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინფლაციაზე, ნავთობის ფასებსა და საფონზო ბირჟებზე.

GlobalPetrolPrices.com -ის ინფორმაციით, მსოფლიოში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1,34 აშშ დოლარია. მათივე ინფორმაციით, როგორც წესი, მდიდარ ქვეყნებში ბენზინის ფასი მაღალია, ხოლო ღარიბ ქვეყნებსა და ქვეყნებში, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ პროდუქტზე ფასი მნიშვნელოვნად დაბალია. საინტერესოა ისიც, რომ GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, ერთადერთი გამონაკლისი შეერთებული შტატებია, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა ბენზინზე დაბალი ფასებით.

„ყველა ქვეყანას საერთაშორისო სანავთობო ბაზარზე ერთიდაიგივე ფასზე წვდომის საშუალება აქვს, თუმცა ქვეყნები პროდუქტზე განსხვავებულ გადასახადებს აწესებენ, რაც კონკრეტულ ქვეყნებში ბეზინის საცალო ფასს ცვლის“, - წერს GlobalPetrolPrices.com.

იმისთვის რომ, სხვადასხვა ქვეყნის საცალო ქსელში საწვავის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ, ყველაზე სანდო წყარო სწორედ GlobalPetrolPrices.com-ია. 23 ოქტომბრის მონაცემებით, ბენზინი ყველაზე იაფი ირანშია, ერთ ლიტრზე 0,029 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირი კი ჰონკონკგში, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 3.092 დოლარია. GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებში, საწვავის ფასით საქართველო 63 ადგილზე.

საქართველოში საწვავის ფასი 2023 წლის აპრილიდან განუწყვეტლივ იზრდება. ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის მარკის ბენზინის ფასი, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში თუ აპრილის დასაწყისში 2.35 ლარი ღირდა, 26 ოქტომბრის მონაცემებით 3.23 ლარს მიაღწია.

მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიების ხელმძღვანელები საწვავის ფასზე მედიასთან საუბარს ერიდებიან. არადა ეს ის საკითხია, რომელიც მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას აწუხებს, თანაც საქართველოს დედაქალაქისთვის დამახასიათებელი საცობების ფონზე. მოკლე კომენტარი მხოლოდ ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტისგან მოვიპოვეთ. რამდენიმე დღის წინ სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში საწვავის ფასი საერთაშორისო კონიუქტურასა და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზეა დამოკიდებული.

„საერთაშორისო კონიუქტურაზე ბუნებრივია ჩვენ არანაირი გავლენა არ გვაქვს. იქნება თუ არა ცვლილება ფასებზე? არ ვიცით, უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ფასთან დაკავშირებულ პროგნოზს ერიდება ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილიც. სტატიაზე მუშაობის დროს ნავთობკომპანიებმა ინტერვიუსთვის სწორედ მასთან გადაგვამისამართეს.

„ნავთობპროდუქტებზე ფასების პროგნოზირება შეუძლებელია. ვინც ამას აკეთებს მინდა ვურჩიო, რომ ყველა ფრთხილად იყოს. არავინ  იცის რა იქნება ხვალ, პლაცზე ყოველდღე ახალი ფასი დგება და ამიტომაც პროგნოზი არასწორად მიმაჩნია“, - გვეუბნება ვახტანგ იობაშვილი.

ქართულ ბაზრზე საწვავზე მაღალ ფასს იობაშვილი ჩვენთან ინტერვიუში რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის არის რუსეთის მიერ დაწყებული ომი, ომი ახლო აღმოსავლეთში და ეროვნული ვალუტის კურსი.

„მოგეხსნებათ, რომ რუსეთიდან შედარებით იაფ საწვავს ვყიდულობდით. ნავთობპრდუქტების ენაზე არსებობს ფორმულა „პლაცი პლიუსი“, ეს არის ევროპული ფასი, რუსეთი კი „პლაც მინუსით“ გვაძლევდა, ეს სერიოზული ფასდაკლება იყო. ამიტომაც იყო, რომ თითქმის 4 ლარიანი საწვავი, შარშან ზაფხულში დაწყებული კლების დროს 2 ლარამდეც კი ჩამოვიდა. თუმცა მოგვიანებით რუსეთმა ნავთობის ექსპორტი აკრძალა, გამონკლისი მხოლოდ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებია. ამ ყველაფერს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ომი დაემატა. ყველა ქვეყანა, რომელიც ახლა ომშია სანავთობო ქვეყნებია და თუ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ნავთობის ფასზე შესაბამის გავლენას იქონიებს. უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ ლარის კურსი.  მე რომ გითხრათ, რომ გაცვლით კურსს საწვავის ფასზე გავლენა არ აქვს მოგატყუებთ. საქართველო ნავთობს ყიდულობს დოლარში და ყიდის ლარში, როგორ შეიძლება აქ გავლენა არ იყოს?“  - აცხადებს იობაშვილი.

2018 წლის ივლისიდან საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელიც გვეუბნება, რომ სექტემბრის მდგომარეობით, საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენციის კუთხით ბაზარი ნორმალიზებული და ბევრად ჯანსაღია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბაზარზე დღეს არსებული ფასები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ტენდენციებთან.

„ბოლო რამდენი თვეა, მსოფლიოში ყველა ტიპის ნავთობზე ფასების ზრდა ფიქსირდება. საქართველო 100%-ით იმპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად საერთაშორისო ფასებს ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. კომპანიების მარჯები გასული წლისგან განსხვავებით მინიმალური და ოპტიმალურია, ასევე მცირეა კონტრასტი ერთიდაიგივე ტიპის საწვავზე, მაგალითად ბენზინ რეგულარზე მსხვილ და მცირე ქსელებს შორის. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დროისთვის რაიმე არასაბაზრო და ხელოვნულ ეფექტებს ადგილი არ აქვს“, - ამბობს ლექვინაძე Business Insider Georgia-სთან.

თუმცა ასე არ იყო ყოველთვის. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე განსხვავებული ქცევა გასულ წელს მონიტორინგის პროცესში დაინახა. მონიტორინგი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდს ეხებოდა, სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რომელმაც აჩვენა რომ ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ ქმედებას მსხვილ რეალიზატორებს შორის მაღალი ფასების შენარჩუნების მიზნით. სააგენტომ მონიტორინგისას აღმოაჩნინა, რომ არსებოდა იმპორტის იაფი წყაროები, თუმცა საცალო ბაზარზე მისი ასახვა გონივრულ ვადებში არ ხდებოდა. შედეგად სააგენტოს გადაწყვეტილებით მსხვილი რეალიზატორები კონკურენციასთან შეუთავსებელი ქმედების გამო დაჯარიმდნენ. ჯარიმის ოდენობამ დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა.

ნავთობიპორტიორებმა სააგენტოს პოზიცია არ გაიზიარეს და 5 კომპანია  სასამართლოში წავიდა. „ვისოლის“ ინტერესებს იურისტი  შოთა გრიგალაშვილი იცავს, ჩვენ მას დავუკავშირდით, თუმცა უფლებადამცველი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. გვითხრა რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას  მისი დაცვის ქვეშ მყოფი კომპანია არ ეთანხმება და ამ ეტაპზე, ვიდრე სასამართლო პროცესი არ ჩაინიშნება, მას მეტ დეტალზე საუბარი საჭიროდ არ მიაჩნია.

საწვავის ფასზე მოსალოდნელი ტენდენციიის გარკვევას კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთანაც შევეცადეთ. ირაკლი ლექვინაძის პასუხიც გვარწმუნებს, რომ პროგნოზის გაკეთება რთულია.

„ქართულ ბაზარზე საწვავის ფასების დინამიკას მსოფლიო ფასი და ადგილობრივი ვალუტის კურსი სგანსზღვარავს. კურსი ამ ეტაპზე სტაბილურია, მსოფლიო ბაზარზე კი ბევრი ფაქტორია რაც ფასზე ახდენს გავლენას და ეს შედეგები ჩვენზეც შესაბამისად აისახა. მსოფლო ფასზე გავლენას ახდენს რეგიონალური კონფლიქტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები (ნავბთობის მოპოვების შემცირების თუ ზრდის, შეზღუდვების მოხსნის თუ გამკაცრების შესახებ) და ეკონომიკური პროცესები (მოთხოვნის ცვლილება და ეკონომიკური ზრდის დინამიკა რიგ ქვეყნებში)“, - აცხადებს ლექვინაძე.

აქვთ თუ არა ნავთობიმპორტიორებს იაფი საწვავის წყაროს პოვნის შესაძლებლობა? ამ კითხვას დამაიმედებელი პასუხის პოვნის იმედით ვსვამთ, თუმცა ირკვევა, რომ საქმე საკმაოდ რთულად არის.

„გასულ წელს იაფი რესუსრიმ საწვავის შემოტანის კუთხით იყო რუსეთი, ევროპულთა შედარებით, იმპორტის ფასი 30-40 თეთრით იაფი,  თუმცა მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან რუსული და ევროპული საწვავის ღირებულება თითქმის იდენტურია, ამას ემატება ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები. კომპანიები გადაწყვეტილებას მიიღებენ საუკეთესო ფასიდან გამომდინარე, სადაც იაფია საწვავი, იქნება ეს ბულგარეთი, რუმინეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი თუ თურქმენეთი“, - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.

მომხმარებლებში მუდმივად არსებობს ერთი კითხვა, როგორ ხდება რომ გარე ფაქტორების გავლენა ქართულ ბაზარზე თითქმის მყისიერია? ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს კომპანიების მარაგების თაობაზე ვკითხეთ. ვახტანგ იობაშვილი გვეუბნება, რომ არც ერთ არაბრენდირებულ კომპანიას არ აქვს იმის ფინანსური რესურსი რომ საწვავი დიდი მარაგებით შეიძინოს, რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, იობაშვილი ამბობს რომ ისინი იმ ოდენობის იმპორტს ახორციელებენ რისი შესაძლებლობაც აქვთ, ეს კი საშუაალოდ 3-4 000 ტონაა.

ავტორი: სოფო ბერიძე

 

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები