მცირე მეწარმეების მიერ გამოშვებული პროდუქცია მსხვილ სავაჭრო სუპერმარკეტებამდე ვერ აღწევს.
როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელი გოგა ციცქიშვილი აღნიშნავს, ამის მიზეზი ქსელების მიერ დაწესებული საგადასახადო ბარიერია, რომლის გადალახვის შესაძლებლობას მცირე და საშუალო მეწარმეები მოკლებული არიან.
ციცქიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის ქსელში დაშვებისთვის დაწესებული ერთჯერადი გადასახადი 10 000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში, 30 000-40 000 ლარს აღწევს. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში, კი 150 000 ლარს უტოლდება. ამ პირობის დაკმაყოფილება მეწარმეების უმეტესობას არ შეუძლია და შესაბამისად, პროდუქციას მსხვილ სუპერმარკეტებში ვერ ყიდიან.
„მეწარმე ერთჯერადად გადაიხდის გადასახადს და ჩვეულებრივ შევა ქსელში. ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა უდიდეს ფინანსურ ხარჯს უკავშირდება. თანხა 10 000 ლარიდან იწყება და 30 000-40 000 ლარსაც აღწევს. ამასთან, ვერავის ჰპირდებიან, რომ მუდმივად დატოვებენ ქსელში. გაყიდვების TOP ათეულში თუ ვერ მოხვდებიან, უფლებას იტოვებენ, გაუშვან. ცხადია, გადახდილი ფული უკან არ ბრუნდება. ქეშბექი 7-15%-მდე მერყეობს და არის რეტრობონუსი, რომელსაც მეწარმეს არიცხავენ. ეს ძალიან კაბალური პირობაა, რომელსაც 10-დან 5 მეწარმეც ვერ აკმაყოფილებს", - ამბობს გოგა ციცქიშვილი.
მისი თქმით, პრობლემაა მეწარმეთათვის ქსელებში გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხის დროული ჩარიცხვაც.
„მარკეტი მეწარმეს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს 1 თვის შემდეგ ურიცხავს. ამ ხნის განმავლობაში, მეწარმეს უწყვეტი მომარაგების ვალდებულება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა უწესდება. საიდან უნდა მოიტანოს ეს პროდუქცია, თუკი ასეთი მაღალი გადასახადით გამოშვების შესაძლებლობას უზღუდავენ! მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომ მცირე მეწარმეებისთვის ასეთი პირობები არსებობდეს", - ამბობს გოგა ციცქიშვილი.
რითეილ ბაზრის თამაშის წესები მიუღებელია დისტრიბუტორთა ასოციაციისთვის, რომლის ხელმძღვანელი ივა ჭყონია თავის ნეგატიურ პოზიციას მუდმივად აფიქსირებს.
მისი ინფორმაციით, სავაჭრო ქსელში შესვლის გადასახადი ბიზნესისთვის 100 000 - 150 000 ლარს შეადგენს. პროდუქტზე ფასების მატებას ივა ჭყონია სწორედ ქსელების მიერ შემუშავებულ საფასო პოლიტიკას უკავშირებს. პროდუქტებზე მაღალ ფასს განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, მაღალი გადასახადები, ქეშბექი, დაგვიანებული გადახდები, რომელსაც რეალიზებულ პროდუქციაზე 45-65 დღის განმავლობაში გვიხდიან, ბევრი ფაქტორია, რის გამოც მოსახლეობას პროდუქტი უძვირდება“, - განმარტავს ივა ჭყონია Business Insider Georgia- სთან.
შეგახსენებთ, რომ რითეილის ბაზარს საფასო პოლიტიკის შეცვლისკენ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა. პრემიერის მოთხოვნაა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები შემცირდეს.
Business Insider Georgia ამ საკითხზე სუპერმარკეტების პოზიციასაც შემოგთავაზებთ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა