USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

2023-12-06 11:48:03

თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება, ხოლო 16 დეკემბერს კი საახალწლო სოფელი გაიხსნება.. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე აინთება დედაქალაქში ყველა მთავარი ილუმინაცია და 15 დეკემბერს მსმენელის წინაშე წარდგება იტალიელი მომღერალი სტეფანო სინიორონი ბენდთან ერთად.

„15 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და მასთან ერთად დედაქალაქში არსებული ყველა ილუმინაცია აინთება საზეიმოდ. მინდა მივმართო მოსახლეობას, ყველას ვისაც სურვილი აქვს მობრძანდით საღამოს, 20:00 საათზე. სპეციალურად ამ დღისთვის თეატრალიზებული მუსიკალური წარდგენა მოეწყობა, რომელიც შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციის შესახებ მოგვითხრობს, ჯადოსნური შოუს დასასრულს, მსმენელის წინაშე წარდგება ბენდი იტალიიდან.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 16 დეკემბერს ასევე დაგეგმილი გვაქვს საახალწლო სოფლის გახსნა, რომელიც მნიშვნელოვანია და ბევრი ადამიანი ელოდება. საახალწლო დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ გარემოში სტუმრებს მრავალფეროვანი კვების და ტკბილეულის ფესტივალი უმასპინძლებს, მოეწყობა საციგურაო ყინულის მოედანი, სამეწარმეო და აგრობაზარი, ყველასთვის საყვარელი არტისტების მუსიკალური საღამოები, საბავშვო კონცერტები, შემეცნებით-გასართობი აქტივობები.

ლოკაციებს რაც შეეხება, ეს არის: ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე დედაენის ბაღში იქნება საახალწლო სოფელი. რაც მთავარია, დედაენის ბაღში პატარებს თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და ატრაქციონების პარკი დახვდებათ. საახალწლო სოფელი 7 იანვარს, მუსიკალური საღამოთი დაიხურება“,-აღნიშნა კალაძემ.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები