ისრაელში მიმდინარე ომმა ბიზნესის ინტერესები გარკვეულწილად გადააწყო, თუმცა ქვეყანა ქართველი ექსპორტიორებისთვის სანდო და ძლიერი პარტნიორის სტატუსს ინარჩუნებს. კომპანია ,,რთველისი“ წელს ისრაელში პროდუქციის ექსპორტს გეგმავდა, თუმცა გარკვეული პერიოდით მოუწევს ლოდინი. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი თორნიკე ჭიკაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ღვინო ისრაელისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად პრიორიტეტულია, ამიტომ მოვლენებს დაელოდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ამ ეტაპზეც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ,,რთველისის“ პროდუქცია ამ ქვეყნის ბაზარზე მაინც გადის. კომპანიის გენერალური დირექტორი თვლის, რომ ისრაელშიც დაიწყებენ ექსპორტს, როგორც კი ბიზნესი ამის საჭიროებას დაინახავს.
,,ისრაელი ომის პირობებში იმყოფება და ამ დროს ღვინის იმპორტზე ორიენტაცია ვერ ექნება. ახლა ქვეყნისთვის პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე ინტერესი, როგორიცაა საკვები და მედიკამენტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები არის ფუფუნების პროდუქტებზე, იქნება ეს ალკოჰოლი, მოვლის საშუალებები თუ ტანსაცმელი. ლაგდება პრიორიტეტები, არაფერი უცხო ამაში არ არის. ცხადია, ისრაელს სანდო და საიმედო პარტნიორად განვიხილავთ. როგორც კი შესაფერისი მომენტი დადგება და საჭიროებას დავინახავთ, ექსპორტს დავიწყებთ. ყველა ბაზარი საინტერესოა პრიორიტეტების მიხედვით. ყველა ვერ იქნება დიდი, მაგრამ გააჩნია რა შესაძლებლობებია, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის კარგია ისრაელი, საინტერესო ქვეყანაა, განვითარებული, ვერ იქნება საექსპორტო ქვეყნების ტოპ-ათეულში, მაგრამ ანგარიშგასაწევი პარტნიორის სტატუსს ყოველთვის შეინარჩუნებს“, - აცხადებს თორნიკე ჭიკაძე.
ცნობისთვის, ,,რთველისმა“ აქტიური საქმიანობა ღვინის ინდუსტრიაში 2020 წელს, პანდემიის პერიოდში წამოიწყო. ამ ეტაპზე კომპანიაში სტაბილურად არის დასაქმებული 50 ადამიანი, სეზონურად კი გაცილებით მეტი დასაქმებული ჰყავს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში