კონკურენციის ეროვნული სააგენტომ შესაძლოა მედიკანეტების ბაზარზე მოკვლევა ჩაატაროს. როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, უწყება ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას გაეცნობა.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო დეტალურად გაეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, განხილული იქნება ცალკეულ მედიკამენტებთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები.
გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლებელია დაიწყოს მოკვლევა ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართულებით, კერძოდ მომხმარებლისთვის (პაციენტისთვის) ჭარბი ფასის დაწესების კუთხით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.
„აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.
მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში