2024 წელს კიდევ უფრო გავააქტიურებთ ციფრული არხების გამოყენებას, სამიზნე აუდიტორიად კი დარჩება ევროპა და აზიის ქვეყნები, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სასტუმრო „სტამბას“ გენერალური მენეჯერი მარიამ აგლაძე.
„2024 წლისთვის ციფრულ არხებს კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებთ, სამიზნე სეგმენტი კი ისევ იქნება ევროპა და აზიის ქვეყნები.
ვიცით, რომ ტურიზმის ადმინისტრაციას აქვს კონკრეტული გეგმა, კიდევ უფრო გააძლიეროს მარკეტინგული კამპანია და მათი ერთ-ერთი სამიზნე ქვეყანაა ჩინეთი. ამ რეგიონიდან სტუმრები ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა, რადგანაც მათ ხანგრძლივი დარჩენის პერიოდი აქვთ — საშუალოდ 2 ღამე და მეტი. ამასთან, ისინი მაღალი მხარჯველუნარიანებით გამოირჩევიან. 2024 წელს სტუმრების რაოდენობის ზრდას ველოდებით ევროპიდან, რადგანაც ჩვენი ძირითადი სამიზნე აუდიტორია სწორედ ევროპაა”, — ამბობს მარიამ აგლაძე.
სასტუმრო გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, „სტამბას“ შემთხვევაში 2023 წლის დატვირთულობის მაჩვენებელმა 2019 წლისას გადააჭარბა.
„პანდემიის შემდეგ 2022 წელი იმდენად აღმავალი იყო, რომ 2023 წელზეც უფრო დიდი მოლოდინები გვქონდა. დიახ, 2023 წელს ტურიზმის მიმართულებით შედეგებმა გასული წლებისა და 2019 წლის მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბა როგორც დატვირთულობის, ისე შემოსავლების კუთხით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სეგმენტს ნაკლებად წარმოადგენს საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამ კონკრეტული ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, რაც მთლიან ტურისტულ ბაზარზეც აისახა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2022 წელს ამ მიმართულებით დიდი ზრდა გვქონდა.
ჩვენს სტატისტიკაში ევროპის ქვეყნებს ერთად ვითვლით, ამიტომ გეტყვით, რომ სტუმრობის მხრივ 2023 წელს პირველ ადგილზე იყვნენ ევროპელი მოგზაურები, ასევე საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა გვქონდა ამერიკიდან.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთიდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის და ჩინეთიდან ტურისტებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ამ ქვეყნებიდან სტუმრების აქტიური ზრდაა და ისინი უკვე ჩვენს ტოპ 10-შიც შედიან“, - ამბობს მარიამ აგლაძე.
ამასთან, „სტამბას“ გენერალური მენეჯერი აცხადებს, რომ სასტუმრო „სტამბას“ სტუმრების უმრავლესობა ქვეყანაში დასასვენებლადაა ჩამოსული.
„სტამბას“ ძირითადად დასვენების მიზნით სტუმრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში ბიზნესტურისტებიც საკმაოდ ბევრი გვყავს.
რაც შეეხება MICE ტურიზმის მიმართულებას, 2023 წელს ეს სეგმენტი „სტამბას“ შემთხვევაში მაღალი არ არის, თუმცა ჩვენთვის ნაკლებად პრიორიტეტულიცაა, რადგან „სტამბაში“ ღონისძიებები ნაკლებად იმართება. ამ მიმართულებით სასტუმრო კორპორაციულ სეგმენტს უფრო მასპინძლობს, რომელიც როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ შემთხვევაში საგრძნობლად გაზრდილია“, - აცხადებს მარიამ აგლაძე.
აგლაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახალი წლის ღამეს სასტუმრო „სტამბას“ დატვირთულობა 100%-მდეა.
„ახალი წლის ღამეს სასტუმროს დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. ჩვენი საშუალო წლიური დატვირთულობა 85%-ზე მაღალია, რაც, დამეთანხმებით რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. იქიდან გამომდინარე, რომ „სტამბა“ სპეციფიკური სასტუმროა და გამორჩეულია თავისი დიზაინითა თუ კონცეფციით, მასზე მოთხოვნა ყოველთვის არის. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლის ღამეს ღონისძიებას არასოდეს ვგეგმავთ, სასტუმრო მაინც თითქმის ბოლომდე არის უკვე ათვისებული“, — აცხადებს „სტამბას“ გენერალური მენეჯერი.
„Სტამბა“, რომელიც კოსტავას 14-ში, თბილისის ისტორიულ შენობაში, ძველი გამომცემლობის ტერიტორიაზე მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული დანიშნულების ადგილი.
Სასტუმროს, კაფეს და ახლა უკვე სამუშაო სივრცის გარდა, სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ „სტამბაში“ არსებულ მაღაზიას, კომპანია უდაბნოს საწარმოს, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედია მუზეუმს, პირველ ვერტიკალურ ფერმას საქართველოში - SpaceFarms. 2018 და 2019 წლებში Stamba Hotel-ს მიღებული აქვს AHEAD Europe-ის წლის საუკეთესო კონცეფციისა და AHEAD Global-ის ხალხის არჩევანის პრიზები.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში