ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის გალფის ქვეყნებიდან, ასევე ჩინეთიდან და კორეიდან,- ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათია ჩიკვაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასტუმრო 1,5 წელია რაც გაიხსნა და ბოლო რამდენიმე თვეა, ჩინეთიდან ჯავშნების საკმაოდ აქტიური შემოდინება შეინიშნება.
„მესამე კვარტალი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ერთ-ერთი ყველაზე კარგი კვარტალი და ყველაზე კარგი თვე ამ მიმართულებით ოქტომბერია. ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის გალფის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და კორეიდან. ჩვენი სასტუმრო 1,5 წელია რაც გაიხსნა და ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთიდან ჯავშნები საკმაოდ აქტიურად შემოდის.
რაც შეეხება ისრაელის ბაზარს, ისრაელიდან იმ რაოდენობის სტუმარი არ გვყავდა, რომ საგრძნობი გავლენა მოეხდინა.
2023 წლის ზაფხული ჩვენი სასტუმროს შემთხვევასი საკმაოდ აქტიური და კარგი იყო. აქტიურობა გაგრძელდა სექტემბერ-ოქტომბერშიც. ეს პერიოდი ძირითადად დატვირთული იყო ბიზნეს-ჯგუფების ვიზიტებით, გაიმართა კონფერენციები. სასტუმროს გახსნის შემდეგ ყველაზე მაღალი დატვირთულობა გვქონდა ოქტომბერში“, - აღნიშნა Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
თათია ჩიკვაიძე ამბობს, რომ MICE ტურიზმის მიმართულებაც თანდათან აქტიურდება და ნოემბერში საკონფერენციო დარბაზები უკვე თითქმის დაჯავშნილია.
ირკვევა, რომ ნოემბერში, ოქტომბრის მსგავსად, კონფერენციებზე მოთხოვნა არის როგორც უცხოელების მხრიდან ასევე ადგილობრივი ბიზნეს წრეებიდან, ხოლო რაც შეეხება დეკემბერს ჯერჯერობით ჯავშნებით ადგილობრივები ლიდერობენ.
„MICE ტურიზმის სექტორი საკმაოდ მზარდია და ეს ჩვენს მაგალითზეც კარგად ჩანს. ბოლო პერიოდში რამდენიმე დიდი საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლეთ. უმეტესად ყველა სივრცე ნოემბერზე დაჯავშნილია, ხოლო დეკემბერზე ჯავშნები შემოდის“, - ამბობს Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
Axis Towers-ის შუშის კოშკში განთავსებული Pullman Tbilisi უმსხვილესი ფრანგული ბრენდის Accor-ის ჯგუფში შემავალი 5*-იანი სასტუმროა, რომელიც გათვლილია ძირითადად ბიზნეს ტურისტებზე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება