ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია Blauenstein/ბლაუენშტაინის პროფესიული კოლეჯის გახსნას გეგმავს. პროექტის განხორციელებას კომპანია მაღალმთიან რაჭაში გეგმავდა, მაგრამ პანდემიის გამო გეგმა შეიცვალა.
როგორც „ბლაუენშტაინის“ დირექტორი თათია არაბიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ჯერჯერობით პროექტის განხორციელების თარიღი განსაზღვრული არ აქვთ, თუმცა სამომავლოდ ამ მიმართულებით ცვლილებისთვის ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ „ბლაუენშტაინის“ ბაზაზე ფუნქციონირებს კომპანიის სასწავლო ტრენინგ-ცენტრი, სადაც დაინტერესებული პირებისთვის მოკლევადიანი ტრენინგები და მასტერკლასები ტარდება.
„მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და შვეიცარიული გამოცდილება, რომელიც ჩვენს წარმოებაშია, მარტო ჩვენთან არ უნდა დარჩეს. ვაპირებთ, სხვებსაც გავუზიაროთ ცოდნა, რასაც ჯერჯერობით მოკლევადიანი პროგრამებით ვცდილობთ. საბოლოოდ გვინდა, რომ რაჭაში, მაღალმთიან ზონაში გვქონდეს პროფესიული კოლეჯი, სადაც გვექნება ის მიმართულებები, რომელზეც ვმუშაობთ - ხორცისა და ხორც-პროდუქტების წარმოების ხაზი და მესაქონლეობა.
პრაქტიკულად რასაც ვაკეთებთ, ამ ცოდნის გაზიარების საშუალება თეორიულად გვინდა გვქონდეს. შესაბამისად, ტექნიკური ბაზაც გვაქვს, სადაც შემდეგში პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება. სამწუხაროდ, კონკრეტული თარიღი არ გვაქვს განსაზღვრული. პანდემიის შემდეგ ჩვენი პრიორიტეტები გადალაგდა, თუმცა სამომავლოდ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ“, - აცხადებს თათია არაბიძე.
შეგახსენებთ, რომ , „ბლაუენშტაინის“ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს. მეღორეობის კომპანიამ ონის რაიონის სოფელ სორში ააშენა.
ამასთან, „ბლაუენშტაინი“ პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს დავარგებული ხორცი შესთავაზა. კომპანიაში სტაბილურად 60 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე ეს მაჩვენებელი 70-ის ფარგლებშია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში