სამხრეთ კავკასიაში პირველი სერტიფიცირებული საწარმო "ბიოდიზელი ჯორჯია" საწარმოს გაფართოებაზე და ბიზნესის დივერსიფიცირებაზე აქტიურად მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მურმან პატარაია განაცხადა, 2025 წლის მეორე ნახევრიდან კომპანია ბიოგაზის წარმოებას გეგმავს. თუმცა მანამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს და პროექტის განსახორციელებლად შესაბამის ფართსაც ეძებს.
„ბიოგაზის ნაწილში სამუშაო ჯგუფმა 2023 წელს შეისწავლა ვითარება ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთში, საფრანგეთსა და თურქეთში. ამ ქვეყნებში სამიანი ვიზიტებისას გაეცნო ადგილზე ბიოგაზის წარმოების ტექნოლოგიებს და მწარმოებელ კომპანიებს. კონკრეტული ცოდნის გაზიარება მოხდა ამ მიმართულებით. მიმდინარე თვეში დაგეგმილია ასევე სამუშაო ვიზიტი დანიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, სადაც ვხვდებით ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს. ჩვენი მხრიდან ამ ვიზიტებში მონაწილეობას იღებს ბიოგაზის პროექტის განმახორციელებელი გუნდი. ამ მიღებული ცოდნის გაზიარების და დამუშავების საფუძველზე წელს შეირჩევა კომპანია, რომლის მიერ წარმოებულ აღჭურვილობას საქართველოში ჩამოვიტანთ და დავამონტაჟებთ.
მოხდება შესაბამისი კონტაქტების დადება და დაიწყება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევა და დაიწყება შესაბამისი დოკუმენტბრუნვა, რასაც 2024 წელი დაეთმობა. 2025 წლის მეორე ნახევრიდან კი კონკრეტულ აქტივობებსაც დავიწყებთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.
მურმან პატარაია ამბობს, რომ ბიოგაზის წარმოება მოხდება კვების ნარჩენებისგან, ცხოველების ფერმის ნარჩენებისგან (ნაკლისგან) და ასევე ქათმების ფერმის ნარჩენებისგან. ბიოგაზის წარმოება განხორციელდება ასევე ორგანული ნარჩენებისგან, როგორიცაა ლუდის ქარხნები, ღვინის ქარხნები და ასევე ისეთი გადამამუშავებლებისგან, რომლისგანაც ნარჩენები რჩება, მაგალითად საკონსერვო და რძის გადამამუშავებელი ქარხნები.
„რეალურად ნარჩენები ყველას რჩება და ბიოგაზის მისაღებად აბსოლუტურად ყველაფერი გამოიყენება, ყველა ორგანული ნარჩენი თუ კი რაიმე არსებობს ბუნებაში.
შესაბამისად ნედლეულზე ხელმისაწვდომობის კუთხით კომპანიებთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული გვაქვს და პოტენციურ ნედლეულის მომწოდებლებთან იმ დონეზე მიდის მუშაობა,რომ კონტრაქტების გაფორმებაც კი ხდება. თუმცა ეს არის საკმაოდ მასშტაბური და მოცულობითი პროექტი. ბიოგაზის ერთი დაიჯესტერის ინსტალაცია 10 მლნ ევრომდე ჯდება. ცხადია, ჯერჯერობით ერთ დაიჯესტერს განვიხილავთ და შემდეგ პროცესებს დავაკვირდებით“, - განმარტა "ბიოდიზელი ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა.
საბოლოოდ კი მიღებული ბიოგაზი ელექტროენერგიად კონვერტირდება.
„ელექტროენერგიას კი კონკრეტულ მომხმარებელს, ან ქსელს მივაწვდით. რჩება ასევე კომპოსტი, რომელიც ისევ სოფლის მეურნეობაში დაბრუნდება. რასაც ან ადგილზე გავყიდით, ან ექსპორტზე გავა. აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობთ“, თქვა Business Insider Georgia-სთან მურმან პატარაია.
ბიოგაზის საწარმოებლად კი კომპანიას "ბიოდიზელი ჯორჯია“ შესაბამისი მიწის ნაკვეთი ესაჭიროება.
„ბიოგაზის წარმოებას დიდი ტერიტორია სჭირდება და თან საკმაოდ სპეციფიკური წარმოებაა თავისივე სპეციფიკური სუნით. ის აუცილებლად იზოლირებულ ადგილზე უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა მურმან პატარაიამ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში