„უდაბნო ჯგუფმა" 2017 წლიდან დაიწყო საქმიანობა და ემსახურება სოფლის მეურნეობის განვითარებას. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია ორგანული, ჯანმრთელი, ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანაა.
რაც მთავარია უდაბნო არის ევროპაში ერთერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგენერაციული აგრომეურნეობა
კახეთში 20,000 ჰა-მდე მიწის განაშენიანებით „უდაბნო" გადამწყვეტ როლს თამაშობს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში, ამავდროულად უზრუნველყოფს რეგიონში ბიომრავალფეროვნების დამკვიდრებას. როგორ ვითარდება ნუშის წარმოება და რა გეგმები აქვს კომპანიას, Business Insider Georgia-მ კითხვებით „უდაბნოს“ მიმართა.
2023 წლის ნუშის მოსავლის აღებას აგვისტოს ბოლოს დავიწყებთ და პროცესი დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდება. 2022 წელს უდაბნო სრულად რეგენერაციულ სოფლის მეურნეობაზე გადავიდა, შესაბამისად, საბოლოო შედეგებსა და მასშტაბზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეურნეობაში თანამედროვე, მდგრადი და მაღალეფექტიანი პრაქტიკების დანერგვა დადებითად მოქმედებს როგორც ნუშის ხარისხზე, ისე მის მოსავლიანობაზე.
უდაბნოსთვის 2022 საკმაოდ უხვმოსავლიანი, წარმატებული და საინტერესო წელი აღმოჩნდა. გვქონდა 200 ტონა უმაღლესი ხარისხის ნუშის მოსავალი, რაც პროდუქტის გატეხის შემდეგ მისმა გულმაც გვაჩვენა. ამასთან, დავნერგეთ უამრავი სიახლე, ინოვაციური მიდგომა და რეგენერაციული აგრომეურნეობის ახალ-ახალ გამოწვევებთან გამკლავებით ბევრი ახალი ცოდნა დავაგროვეთ.
2023 წელს ჩვენი ნუში საცდელ რეჟიმში დუბაიში გავიტანეთ ექსპორტზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში წარმოებული ნუში საერთაშორისო ბაზარზე გავიდა. ამასთან, ვაგრძელებთ უცხოური ბაზრების შესწავლას და სამომავლოდ ვფიქრობთ სხვა ქვეყნების ათვისებასაც.
ჩვენი მთავარი ფოკუსი ადგილობრივ, საქართველოს ბაზარზე რჩება, თუმცა განვიხილავთ ექსპორტის შესაძლებლობებსაც. აღსანიშნავია, რომ უდაბნოს ძირითადი გასაყიდი პროდუქტი პირველადი წარმოებით მიღებული ნუშის გული არ არის. მთავარ აქცენტს მეორეულ პროდუქციაზე ვაკეთებთ, როგორიცაა ნუშის ფქვილი, რძე, ზეთი და სხვა. ორივე შემთხვევაში, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ, მთავარი პრიორიტეტი გადამუშავებული პროდუქცია იქნება.
ეს არ არის ინდუსტრიული წარმოება, შესაბამისად, ვცდილობთ, აქცენტი მხოლოდ მასშტაბზე არ გავაკეთოთ. აქ ერთი მონო პროდუქტი სხვა მრავალ პროდუქტად იშლება — დანაწევრების, თერმული დამუშავებისა და სხვა სპეციფიკური პროცესების შედეგად, ამიტომ ზუსტი წარმადობის განსაზღვრა ხშირად რთულია.
პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ სტამბაშია შესაძლებელი. ახლო მომავალში კი ჭოველიძის ქუჩაზე უდაბნოს მაღაზია გაიხსნება. კოსმეტიკური ხაზი ახალი და თავისთავად საინტერესო მიმართულებაა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი მთავარი მიმართულება საკვები და სასმელი პროდუქტების შექმნაა.
დიახ, სტამბაში ივნისის თვეში გაიხსნა საქართველოში პირველი ნუშის საწარმო, რომელიც ლაბორატორიის პრინციპით ფუნქციონირებს. უდაბნოს ლაბი ორგანული, ვეგანური და რეგენერაციული სოფლის მეურნეობის მიმართულებებს აერთიანებს. ასევე, ლაბი იკვლევს სრულიად ახალ გემოებს, ადგენს რეცეპტურას ინოვაციური მეთოდებით და ახალი არომატების მიმართულებით მუდმივი ტესტირების რეჟიმშია. ვცდილობთ, მივიღოთ ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქცია, ამ პროცესს მიღმა კი უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი.
იგეგმება პროდუქტების სახეობების გაფართოებაც, მაგალითად, გვსურს დავამატოთ ხორბლის მცენარეული ფქვილი — ტრადიციული მეთოდით ხორბლის დაფქვა და ცეხვილი ფქვილი. უდაბნოში არსებული ხორბლის ჯიშები არის ენდემური ქართული, ევროპული, ძველი ეგვიპტური და ა.შ.. სტამბას ნუშის საწარმოში ამ დროისთვის 10 ადამიანია დასაქმებული, ეს ციფრი კი კომპანიის მიზნების მასშტაბებთან ერთად გაიზრდება.
მნიშვნელოვანია, რომ შეიცვლება ნუშის საფასო პოლიტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქამდე თუ ნუში საქართველოში ექსკლუზიურ პროდუქტად პოზიციონირდებოდა და განკუთვნილი იყო საშუალოზე მაღალი სეგმენტის მომხმარებლისთვის, „უდაბნოს“ რეგენერაციული პრაქტიკების დანერგვისა და უხვი მოსავლის აღების შემდეგ, შევძლებთ, რომ უფრო მეტი სეგმენტი მოვიცვათ.
ჩვენი სურვილია, უდაბნო ლაბში შექმნილი მრავალფეროვანი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ცნობილია, რომ ნუში მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქტია.
ნუში ნამდვილად მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქტია, თუმცა ჩვენი სურვილია, რეგენერაციული მიდგომებით ხელი შევუწყოთ საქართველოში ორგანული ნუშის მასობრივად წარმოებას, რაც შესაბამისად აისახება მისი საბაზრო ფასის მეტად ხელმისაწვდომ ნიშნულამდე ჩამოსვლაზე. მნიშვნელოვანია, რომ იქმნება ახალი ქართული პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქტი, თუნდაც ნუში და ნუშის ფქვილი.
2023 წლისთვის, უდაბნო ფლობს ყველაზე უხვმოსავლიან ბაღებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამიტომ, ამ ეტაპზე ადგილობრივი კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენ გულითადად გაგვიხარდება, თუ უფრო მეტი და მეტი ფერმერი დაინტერესდება იმ მიმართულებებით, რასაც უდაბნო ითვისებს. ამგვარად პროცესი უფრო ცოცხალი იქნება და შეძენილ ცოდნასაც უფრო მოქნილად გავუზიარებთ ერთმანეთს. გლობალურად კი, მთავარი უპირატესობა არის ჩვენი რეგენერაციული მიმართულება. ეს არის იდეა, რომელსაც უდაბნოში დასაქმებული ყველა ადამიანი თანაბრად იზიარებს და გვინდა, რომ ის სხვებსაც ანალოგიურად შევაყვაროთ.
რეგენერაციის მეშვეობით, ყოველდღიურად ვართ ბუნებასთან ახლო კავშირში, ვუსმენთ მას და მინიმალური ჩარევით ვიღებთ მაქსიმალურ სარგებელს მისგან. აქ ყველაფერი ველური ტყის პრინციპით მოქმედებს და როგორც ჩვენი მიდგომები, ისე ტერიტორია გვაძლევს შესაძლებლობას, არ მოხდეს უდაბნოს ჯვარედინი დაბინძურება. უდაბნო ევროპის მასშტაბით უდიდესი რეგენერაციული მოძრაობაა და ჩვენი მიზანია, ამ მიმართულებით მაქსიმალურად ავამაღლოთ ცნობიერება როგორც აგრომეწარმეობით დაინტერესებულ სპეციალისტებში, ასევე ადამიანებში, რომლებსაც სურთ გადავიდნენ ეკოცნობიერების ახალ საფეხურზე და ბუნებასთან თანაცხოვრება ჰარმონიულ გამოცდილებად აქციონ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში