გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის დაწყებიდან 3 დღეში 82 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა, გიორგი ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“წინა წელს ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად 30 500 ხელმოწერა შევაგროვეთ იმისთვის, რომ ავტომობილის ხილული გამონაბოლქვი კანონდარღვევა ყოფილიყო, რაც პარლამენტმა სამი მოსმენით უკვე ძალაში მიიღო და აღსრულება ხდება. 3 დღის განმავლობაში ავტომობილის ხილულ გამონაბოლქვზე უკვე 82 ავტომობილის მძღოლი დაჯარიმდა. თბილისში 42 შემთხვევა იყო, ქუთაისში -17, ბათუმში -17, რუსთავში – 6. იმის ფონზე, რომ კონტროლს 10 ავტომობილი (ეკიპაჟი) ახორციელებს, ეს კარგი შედეგია. დაველოდოთ 1 თვის, ნახევარი წლის შედეგს, ეს უნდა გაიზარდოს. ჩვენი მიზანი ადამიანების დაჯარიმება არაა, მიზანი ცნობიერების ამაღლებაა, მძღოლებმა საკუთარ ავტომობილს ყურადღება უნდა მიაქციონ, წვის სისტემა, ძრავის სისტემა გამართული უნდა იყოს. არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანს ზიანი მიაყენოს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ახალი რეგულაციის მიზანი ხილული გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებაა.
“ხილული გამონაბოლქვი ნათელი მაგალითია იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ, რომელიც ბევრ ცუდ დაავადებას იწვევს: ასთმას, ბრონქიტს, სიმსივნურ დაავადებებს. 2020 -2021 წლებში ჩვენს დედაქალაქში სასუნთქი სისტემის ავადობა, რომელიც დაბინძურებულ ჰაერთან პირდაპირ კავშირშია, დაახლოებით, 140 00-მდე ადამიანს დაუფიქსირდა. აქედან 55 000 9 წლამდე ბავშვი იყო. ამ ჰაერს თითოეული ჩვენგანი ვსუნთქავთ. სხვადასხვა კვლევა ადასტურებს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყარო ავტოტრანსპორტია.
1 წლის თავზე შედეგი უნდა მივიღოთ. ესაა მიზანი და არა ის, რომ ადამიანები დავაჯარიმოთ. რეგულაციის მიზანი ხილული გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებაა. ამის შემდეგ კი იმ ავტომობილების კონტროლი, რომელთაც co აქვთ. გზისპირა ინსპექტირება ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ერთ სტატისტიკას მოგიყვანთ: 2018-19 წლებში აშშ-ში კვლევამ აჩვენა, რომ გზისპირა ინსპექტირებით 49 %-ით უფრო მეტი მანქანა დაჯარიმდა, ვიდრე ტექინსპექტირებით. სტატისტიკები იმაზე მეტყველებს, რომ გზისპირა ინსპექტირება ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ტექინსპექტირება.
“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან” კომუნიკაცია გვაქვს. როგორც გითხარით, ამ ეტაპზე, კონტროლს მხოლოდ 10 ავტომობილი (ეკიპაჟი) ახორციელებს. თბილისშია 5, დანარჩენი რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მაკონტროლებელი ავტომობილების რაოდენობა გაიზარდოს, რადგან 10 ავტომობილი საკმარისი არაა”, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყო. აღნიშნული რეგულაცია საქართველოს 4 დიდ ქალაქში იმოქმედებს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. რეგულაციის აღსრულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალა.
სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, დარღვევის განმეორების შემთხვევაში (იგივე ქმედება ჩადენილი პირველი დაჯარიმებიდან 15 დღის შემდეგ) 300 ლარით, ბოლოს დადებული სახდელიდან 15 დღის შემდეგ სამართალდარღვევის კვლავ განმეორების შემთხვევაში 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში 3000 ლარით. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში