2022 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ რეკორდული, 283 მლნ ლარის მოგება მიიღო. რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის დავით ფერაძის სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის, ტვირთების გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
როგორც პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია.
რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს, შეხვედრაზე ითქვა, რომ პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა იქნება.
2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ, რომლის 100%-იან წილს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობდა, წელი ზარალის გარეშე დახურა.
„საქართველოს რკინიგზის“ მოგება/ზარალი წლების მიხედვით:
2016 წელი - მოგება ₾65.1 მლნ;
2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;
2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ;
2019 წელი - ზარალი ₾5.5 მლნ;
2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;
2021 წელი - მოგება ₾52.7 მლნ;
2022 წელი - მოგება ₾283 მლნ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 100% „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობას გადასცა. გარიგება 2022 წლის ბოლოს დასრულდა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება