„ყოველთვის მიყვარდა წიგნების კითხვა და ინტელექტუალური თამაშები, თუმცა, არ არსებობდა პლატფორმა, სადაც სრულყოფილად შევძლებდი ჩემი გატაცებების წარმოჩენას. ჩემს ცხოვრებაში „წიგნების თაროს“ გამოჩენის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა“.
ასე იწყება საუბარი გეგა ხაჩიძესთან, რომელიც „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს გადაცემა მეათე საიუბილეო სეზონით ბრუნდება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო გამოწვევას ჰპირდება. თუმცა, თამაშის ახალი სერიების დაწყებამდე გადავწყვიტეთ, პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს მათი გამოცდილების შესახებ გავსაუბრებოდით.
„ძალიან ადრე, წიგნების თაროს ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მივედი. მახსოვს, როგორ გამაკვირვა ბავშვების თამაშმა და იმან, თუ როგორ მარტივად ართმევდნენ თავს რთულ კითხვებს. მომინდა, ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი და ამიტომ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო პროექტში. ვფიქრობ, ეს კარგად გამომივიდა კიდეც“, - აღნიშნავს გეგა ჩვენთან საუბრისას.
როგორც თავად გვიხსნის, მისთვის ლიტერატურა არის შესაძლებლობა, გავიცნოთ საკუთარი თავი და მივიღოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ყოველდღიური რეალობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, ვეძიოთ მათზე პასუხები.
„ლიტერატურას მწერლები ქმნიან - ადამიანები, რომლებიც საათობით და შესაძლოა წლობითაც კი სხედან საწერ მაგიდასთან და ფიქრობენ... ფიქრობენ ძალიან ბევრს. მათი ფიქრის შედეგი კი ფურცლებზე აისახება. ანუ ლიტერატურას აქვს ამგვარი დატვირთვაც - ის გვაძლევს შესაძლებლობას, წავიკითხოთ ბუმბერაზი ადამიანების ნააზრევი, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა, ყოველდღიურობის აღქმა და, ზოგადად, მთლიანად აზროვნება“, - გვიყვება გეგა.
წიგნების თაროს პროექტში წარმატებისთვის საჭირო უნარების შესახებ საუბრისას კი გვიხსნის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების სიყვარულია. თუმცა, ასევე აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და მონდომება.
„თაროს“ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი ბლიცს, რაც საკუთარ თავზე დამატებით მუშაობას მოითხოვდა. ამისათვის, ვუყურებდი გადაცემის ძველ ჩანაწერებს - „კონკურენტების“ ნახვა კი მომზადების პროცესს უფრო სასიამოვნოს და მამოტივირებელს ხდიდა, რადგან მათი ყურებისას ვხედავდი, რომ ისინიც თავდაუზოგავად შრომობდნენ რათა მოხვედრილიყვნენ იქ, სადაც არიან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „თარო“ გვამზადებს რეალური ცხოვრებისთვის - რეალური კონკურენციისთვის, სადაც წარმატების მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობა მუდმივი წინსვლა და ერთ ადგილზე არგაჩერებაა“, - ამბობს გეგა.
გეგა გვიხსნის, რომ მისთვის „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის ადამიანები და ბავშვები არიან, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ და ზოგადად, ამ პროექტს ქმნიან.
„პროექტში მონაწილეობისას ხვდები მრავალ თანატოლს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს. შესაბამისად, იძენ მრავალ მეგობარს და რაც მთავარია, იზრდები მათთან ერთად. გარემო, რომელსაც „წიგნების თარო“ გვთავაზობს, იმაზე მეტად გვეხმარება განვითარებაში, ვიდრე მოსალოდნელია. ვფიქრობ, გადაცემა გვაძლევს შესაძლებლობას, დავამარცხოთ გარკვეული შიშები თუ კომპლექსები და გავხდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე აქამდე ვიყავით“, - აღნიშნავს გეგა.
ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ ყოველთვის უსმინონ საკუთარ გულსა და გონებას, არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მთელი გულით აინტერესებთ და სწორედ ასე იპოვიან იმ საქმეს, რომელიც მათ გააბედნიერებს.
„ყველა ბავშვს ვურჩევ, არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, რადგან შეცდომის დაშვება არ ნიშნავს საბოლოო მარცხს. არასდროსაა გვიანი, იპოვო საკუთარი თავი და გახდე ის, ვინც ბავშვობაში გსურდა, რომ მომავალში გამხდარიყავი. „წიგნების თაროს“ მხარდამჭერის, საქართველოს ბანკის დევიზიც ხომ სწორედ ესაა - „არ გაჩერდე“... მუდმივი წინსვლა და განვითარებისთვის სწრაფვა არის ის, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“, - ამბობს გეგა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი