USD 2.7433

EUR 2.8862

TRY 0.0794

GBP 3.464

RUB 0.027214

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვოლტის“ კურიერი: პროტესტი გაგრძელდება, რადგან მონურ მდგომარეობაში მუშაობა არ გვსურს

„ვოლტის“ კურიერი: პროტესტი გაგრძელდება, რადგან მონურ მდგომარეობაში მუშაობა არ გვსურს

2023-02-15 17:48:39

ხელფასების ზრდა და ხელშეკრულების პირობების გადახედვა მთავარი მოთხოვნაა, რის გამოც ,,ვოლტის“ კურიერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

კერძოდ, ისინი ითხოვენ, რომ ხელშეკრულებაში ორივე მხარის - როგორც კომპანიის, ასევე კურირების ინტერესები იყოს გათვალისწინებული.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, გაფიცული თანამშრომლების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა გამომუშავების 20 თეთრით გაზრდა კილომეტრაჟზე, რაზეც მხარეები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილე და „ვოლტის“ ერთ-ერთი პარტნიორი კურიერი რატი კალმახელიძე Business Insider Georgia-სთან ღიად აცხადებს, რომ არ სურს მონურ მდგომარეობაში იმუშაოს და ბოლომდე იბრძოლებს

,,ვოლტში“ დასაქმებული კურიერების უფლებების დასაცავად. ,,ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ არ გვსურს მონურ მდგომარეობაში ყოფნა. წლებია საშინელ ტარიფებზე ვმუშაობთ. 1 კილომეტრზე ჩვენი გამომუშავება 50 თეთრია და ვითხოვთ ეს ტარიფი 20 თეთრით გაგვიზარდონ.

არიან კურიერები, მთელი დღე მუშაობენ და მათი დღიური შემოსავალი 30-50 ლარს არ აღემატება. რამდენჯერაც თანხის მომატება მოვითხოვეთ, ხელშეკრულება შეგვიცვალეს. სუბიექტურად შედგენილი პირობები აქვთ, სადაც მხოლოდ მათი მხარის პოზიციებია.

ჩვენ გვინდა, კურიერების ინტერესიც ჩაიდოს ხელშეკრულებაში. გვთავაზობენ, რომ მოლაპარაკება გაიმართოს რამდენიმე ორგანიზატორთან, რასაც წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ვერ დავეთანხმებით.

ხელმძღვანელობასთან უკმაყოფილო ორი-სამი კურიერის შეხვედრას  სასურველი შედეგი არასოდეს გამოუღია. ამიტომ გვინდა, რომ დაიქირაონ დიდი საკონფერენციო დარბაზი და ჩვენს უკან რა ხალხიც დგას, შეკრიბონ, რათა კომპანიის წინადადებები და შემოთავაზებები ყველამ მოისმინოს“, - აცხადებს რატი კალმახელიძე.

კურიერის განცხადებით, კომპანიას ყველა რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ გაფიცულების პირობები დააკმაყოფილოს, მაგრამ კეთილ ნებას არ ავლენს.

კალმახელიძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ დაიდება ისეთი კონტრაქტი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები გახდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 15 თებერვალს,  კურიერებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართეს. თავის მხრივ, კომპანია „ვოლტი" კურიერებს კიდევ ერთხელ სთავაზობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლონ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები