უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მიმართულებით დიდი ცვლილებები არ ფიქსირდება, რადგან ის ტენდენცია რაც 2020-2022 წლებში დაიწყო, კვლავაც ნარჩუნდება. ფასები იზრდება და მოთხოვნა კვლავ აქტუალურია“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.
მისვე თქმით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე გავლენას ახდენს რთული გეოპოლიტიკური ვითარება. მოთხოვნა ქვეყანაში მიგრანტების ნაკადის ზრდის პროპორციულად გაიზარდა.
„შექმნილი ვითარების გამო საქართველოში ჩამოდიან უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან მიგრანტები და ურავ ქონებას ყიდულობენ. მოთხოვნა შედარებით ალბათ უკრაინაში ვითარების დასტაბილურების შემდეგ შემცირდება და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილებებს ამ დროისთვის უნდა ველოდოთ“.
რაც შეეხება ურავი ქონების გაქირავებისა და იჯარის სეგმენტს, ფასები ამ მიმართულებაზეც იზრდება, თუმცა როგორც მებაღიშვილი ამბობს აქ ქონება ლიმიტირებულია, რადგან საქართველოში ამ ტიპის უძრავი ქონების მოცულობა მცირეა.
„მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორი აქტიურია და ბევრი კორპუსი და საოფისე ფართი შენდება, ვხედავთ, რომ ძალიან მცირეა პრემიუმ კლასის გასაქირავებელი ქონება. საქართველოში უძრავი ქონების ფასი ევროპის დიდი ქალაქების ფასებს უტოლდება. ფასები გაზრდილია და ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ დასტაბილურების ნიშნებს. გასაყიდი უძრავი ქონების ფასი რეკორდულია“, - ამბობს მებაღიშვილი.
ამასთან, ვაჟა მებაღიშვილი ამბობს, რომ საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვისა და გაქირავების ფასი არ არის ხარისხის შესაბამისი.
„უძრავი ქონების სპეციალისტები ვცდილობთ, სწორი კონსულტაცია გაუწიოთ მოქალაქეებს და რჩევები მივცეთ. ნუ გააკეთებენ სწორებას იმაზე, რომ ძვირად გაქირავდეს ქონება. უფრო მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორი იპოვონ, გრძელვადიანი ურთიერთობა დაამყარონ, რათა შემდგომ იოლი იყოს ამ ურთიერთობების მართვა“, - აღნიშნავს კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელი.
Business Insider Georgia-თან მებაღიშვილი კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს, რაც უძრავი ქონების ბაზარზე გამოიკვეთა.
კერძოდ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ცენტრიდან პერიფერიებში გადანაწილდა.
„2022 წლის ჩათვლით უძრავი ქონება მეტად მოთხოვნადი იყო ქალაქის ცენტში. თუმცა ახლა მოხდა უბნების გაშლა და ინვესტიციები პერიფერიებში გადავიდა და თითქმის მთელ თბილისზე გავრცელდა. მაღალი ფასები ვაკის, მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონში შენარჩუნებულია. ეს უბნები თბილისში ინვესტორებისთვის კვლავ ყველაზე მიმზიდველია“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ზრდამ 14.3% შეადგინა.
2020 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კი უძრავი ქონება 24%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება მიმდინარე წლის მაჩვენებელს, ,,თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, გასაყიდ უძრავ ქონებაზე ფასი მიმდინარე წელს დამატებით 18%-ით, ხოლო ქირის ღირებულება 28%-ით გაიზრდება.
ფინანსური ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო დროს უძრავი ქონების ღირებულება გამუდმებით იზრდება, ამიტომ მომავალში ფასი შესაძლოა, იმ დონეზე მივიდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა საერთოდ ვეღარ შეძლონ ვერც ბინის და ვერც მიწის შეძენა.
ცნობისთვის, გასულ თვეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2023 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლება, 2022 წლის შემოდგომაზე მობილიზებული 300 000 ადამიანის გარდა, კიდევ 500 ათასი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება