USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს - ნათია თურნავა

რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს - ნათია თურნავა

2024-12-04 23:52:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა.


საკითხი კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა.


როგორც მან განაცხადა, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, თუმცა ეროვნულმა ბანკმა ამასთანავე უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას.


 „აღსანიშნავია, რომ დაბალ ინფლაციასთან ერთად, მაღალია ეკონომიკური მაჩვენებელი. წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ათი თვის ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს. ვიმედოვნებ, რომ კვლავაც შენარჩუნდება ასეთი კეთილსაიმედო შეხამება - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფასების დონის სტაბილურობა, ანუ დაბალი ინფლაცია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისი შეფასებით, ამ ეტაპზე სავალუტო ბაზარზე სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება.


 „რაიმე ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებებს და ლარის გაუფასურებას განაპირობებს, ამ ეტაპზე არ არსებობს. არაეკონომიკური ფაქტორების მოქმედება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა იმ დოზით, რომ დღეს-დღეობით ჩვენი ჩარევა საჭირო იყოს - ბაზარი, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს დაბალანსებულია, დინამიკურია და ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. ჩვენ გვაქვს ინტერვენციის ბერკეტი და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარებით ბაზარს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.


მან ყურადღება ლარიზაციის პოლიტიკაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ 2015-16 წლებიდან ეს პროცესი თანმიმდევრულად ხორციელდება და ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა უკვე სახეზეა.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.


​კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკის 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი პროექტის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შედგეს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები