ცხოველებისა და ფრინველების საკვების ინდუსტრიულო მწარმოებელი კომპანია „ნუტრიმაქსი" ფართოვდება. როგორც კომპანიიდან Business Insider Georgia-ს აცნობეს, ახლო მომავალში გაიხსნება „ნუტრიმაქსის“ მეორე საწარმო, რომელიც კომპანიონი ცხოველებისა (ძაღლისა და კატის) და თევზის საკვების წარმოებას აქტიურად დაიწყებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ „ნუტრიმაქსის" პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იყო 2022 წელი და წარმოებისა და გაყიდვების 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„კომპანიისთვის 2022 წელი საკმაოდ წარმატებული გახლდათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთაც საექსპორტო ბაზრებზე. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული გამოწვევები ჩვენი კომპანიისათვის არ წარმოქმნილა, მაქსიმალურად ვზრუნავდით თანამშრომლების ჯანმრთელობაზეც. პანდემიის შემდგომ მოთხოვნის ზრდა აშკარა იყო ბაზარზე, რამაც ხელი შეუწყო წარმოებისა და გაყიდვების ზრდას. 2021 წელთან შედარებით ზრდა 45%-იანი გახლდათ", - აცხადებენ ,,ნუტრიმაქსში".
კომპანიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა მზარდია როგორც შიდა, ასევე უცხოურ ბაზრებზე, რომლის გეოგრაფიული არეალიც ასევე გაზრდილია.
„ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე აქტიურად გადის სომხეთსა და აზერბაიჯანში. ცოტა ხნის წინ უზბეკეთში გავხსენით პირველი წარმომადგენლობა და მალე დავიწყებთ უშუალოდ ექსპორტის მიმართულებით აქტივობებს. ადგილობრივ ბაზარზე ზოგადი ტრენდი დადებითია.
კომბინირებულ საკვებზე მოთხოვნა იზრდება. ფერმერულ მეურნეობებში საქონლის/ფრინველის გამოზრდისა და ბიზნესის კეთების მიმართულებით ცოდნის დონეც იმატებს, რაც აშკარად აისახება მოთხოვნის ზრდაზეც. მუდმივად ვფიქრობთ ახალი ბაზრების ათვისებაზე.
ახლო მომავალში გაიხსნება „ნუტრიმაქსის“ მეორე საწარმო, რომელიც კომპანიონი ცხოველებისა (ძაღლისა და კატის) და თევზის საკვების წარმოებას აქტიურად დაიწყებს. ბაზარზე უკვე შევიდა ჩვენი პირველი პროდუქტი ძაღლისა და კატის დაბალანსებული საკვები - Winny", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება გამოწვევებს, მნიშვნელოვან საკითხად რჩება არასტაბილური იმპორტირებული პროდუქტები, რამაც განსაკუთრებით მეღორეობის დარგს შეუქმნა პრობლემა.
„სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვების არხებს სისტემური და სტაბილური ხასიათი არ აქვს, რაც ართულებს ფერმერებისათვის რეალიზაციის პროცესს. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა ფერმერულ მეურნეობებში ცოდნის და ტექნოლოგიების ნაკლებობა ბაზრის ერთ-ერთ მსხვილ გამოწვევად კვლავ შეგვიძლია დავასახელოთ", - აცხადებენ კომპანიაში.
ამჟამად ,,ნუტრიმაქსში" 150-მდე ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, „ნუტრიმაქსი“ დაარსდა 2009 წელს და ის პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ცხოველთა და ფრინველთა საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს. კომპანიის მისიაა მაღალხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური კონსულტაციების მიწოდების საშუალებით, განავითაროს ფერმერული მეურნეობები საქართველოში.
კომპანია დაარსების დღიდან ჰოლანდიური მსხვილი ჰოლდინგის წევრის — Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალური პარტნიორია, რომელსაც ცხოველთა საკვების, აუცილებელი პრემიქსებისა და მინერალების წარმოებაში მსოფლიოში ლიდერის პოზიცია უკავია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება