10 ობიექტიდან 7 დავხურეთ, - ამბობს Business Insider Georgia-თან თაფლის მწარმოებელი კომპანიის მფლობელი როლანდ ზირაქაშვილი, რომელიც ამის მიზეზად ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას ასახელებს.
მისი თქმით, კოოპერატივებისთვის უპირატესობის მინიჭება მწარმოებლების დიდი ნაწილისთვის დისკრიმინაციულია, რამაც განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა და გაკოტრებამდე მიიყცანა.
„საქართველოში თაფლის წარმოებას რეალურად ძალიან უჭირს. ამის მიზეზი თაფლის დაბალი საბითუმო ღირებულებაა. მეწარმეები პროდუქციას, მათ შორის, უმაღლესი ხარისხის 1 კგ. თაფლს ბითუმად 8-10 ლარის ფარგლებში ვყიდით, რაც თვითღირებულებას არ აჭარბებს. საცალო ქსელში ფასი 25 ლარამდეა, მაგრამ ხარჯი იმდენად დიდია, რომ მთელი რესურსი არსებული ვალდებულებების გადახდას ხმარდება.
ეს არ არის განვითარებაზე ორიენტირებული მიმართულება, თუ მსხვილი ბიზნესი არ ხარ, ვერ წაიწევი წინ, ვერ გაძლიერდები. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით პანდემიისას, როცა მოთხოვნა მკვეთრად შემცირებული იყო, მანამდე პრობლემას ბაზარზე არსებული არაჯანსაღი სიტუაცია ქმნიდა, რაც კოოპერატივების მიმართ მიდგომამ გამოიწვია, მაგრამ გამოწვევას ვუმკლავდებოდით“, - ამბობს როლანდ ზირაქაშვილი.
კერძოდ, როგორც გაკოტრებამდე მისული საწარმოს ხელმძღვანელი ამბობს, კოოპერატივებისთვის სასათბურე პირობების შექმნამ ბევრი ბიზნესი დააზარალა, მათ თხოვნით ხელისუფლებასაც მიმართეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ბიზნესი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„თაფლის ბაზრის 90 % გვეკავა. 17-20 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა დაფასოებული თაფლის ცნება, ჩვენ დავამკვიდრეთ. 2008 წლის ომის და ეკონომიკურ კრიზისის დროს არ შეგვქმნია პრობლემა. მოგვიანებით, როცა კოოპერატივების მხარდაჭერა დაიწყო სახელმწიფომ, სუბსიდია მისცა და გადასახადებისგან გაათავისუფლა, გაგვიჭირდა.
დღესაც ვთვლი, რომ დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან აშკარად დისკრიმინაციულია, რის შესახებაც თავის დროზე გამოვხატეთ უკმაყოფილება და მივმართეთ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, ვუთხარით, რომ ჩვენ ვართ გაწირული ბიზნესი, რომელიც შეიძლება გაკოტრდეს, ასეც მოხდა“, - აცხადებს როლანდ ზირაქაშვილი.
ცნობისთვის, ,,მეთაფლია" პროფესიონალმა მეფუტკრე როლანდ ზირაქაშვილმა 2006 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დააფუძნა. კომპანია აწარმოებდა 80-მდე დასახელების მეფუტკრეობის პროდუქტებს: თაფლს, ფუტკრის სადედე რძეს, დინდგელს (პროპოლისი), სანთელს, ფუტკრის შხამს, ყვავილის მტვერს, ჭეოს და მათ ნაზავთა კომბინაციებს.
დედაქალაქსა და რეგიონებში თაფლის ცნობილი ბრენდი 2020 წლამდე 10 მაღაზიას ფლობდა.აქედან დღესდღეობით მხოლოდ 3 მუშაობს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება