USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, მშენებლობის მიზნით 1%-ით ნაკლები რაოდენობის მიწა გაიყიდა  - თიბისი კაპიტალი

თბილისში, მშენებლობის მიზნით 1%-ით ნაკლები რაოდენობის მიწა გაიყიდა - თიბისი კაპიტალი

2023-05-19 14:28:56

 

 

თბილისში, 2022 წელს გაყიდული მიწის ფართობი 1%-ით ნაკლებია 2021 წელის მაჩვენებელთან შედარებით.

როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშენებლობის საწყის ეტაპზე ხდება როგორც პროექტის გეგმის შედგენა, ასევე შესაბამისი მიწის ნაკვეთის მოძიება.

გაყიდული მიწების სტატისტიკის თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ, 2022 წლის მაჩვენებლები მართალია აჭარბებს პანდემიამდელ დონეს, მაგრამ ქალაქების უმეტესობაში 2021 წელს ჩამორჩება. 

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით თბილისში 1%-ით ნაკლები რაოდენობის მიწა გაიყიდა, თუმცა ზუგდიდსა (+21% წ/წ) და ბათუმში (+16%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

„ნებართვებზე არსებული მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მაღალ დონეზეა. ჩვენი მოლოდინების შესაბამისად 2023 წლის დასაწყისში, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტ საცხოვრებელ ფართზე გაიცა ნებართვა.

რაც შეეხება სამშენებლო ხარჯებს, დეველოპერული პროექტების მონაცემების მიხედვით, ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის სამშენებლო მასალებზე (57%) და ხელფასებზე (27%).

სამშენებლო მასალების შემთხვევაში, 2020 წელს COVID-19-ის გავრცელების და დაწესებული შეზღუდვების გამო მოთხოვნა ბაზარზე შესუსტდა. 2021 წელს კი, სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის აღდგენა დაიწყო (+7% წ/წ აშშ დოლარში), ხოლო 2022 წელს მთავრობის კაპიტალური ხარჯები და საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ჯამურად (აშშ დოლარში) 36%-ით გაიზარდა.

მოთხოვნის ზრდის შედეგად, 2022 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი, რომელიც მოიცავს არმატურის და ფოლადის სხვა მასალების, ცემენტის, ბეტონის, ინერტული მასალის და საკედლე ბლოკის წარმოებას და იმპორტს, აშშ დოლარში 30%-ით, ხოლო ლარში 18%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით (ექსპორტის გამოკლებით).

2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ფასები კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა“, - აცხადებენ „თიბისი კაპიტალში“.

მათივე ცნობით, უკრაინაში საწარმოო ინფრასტრუქტურის ნაწილობრივ განადგურებამ და საომარი ვითარების გამო საწარმოო პროცესის გაჩერებამ და შემდეგ რუსეთზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა მსოფლიო ბაზარზე  სასურსათო პროდუქციის, ძირითადი ლითონების და ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

აღნიშნული ფაქტორების შედეგად, საქართველოში სამშენებლო მასალების ფასები (ლარში) 2021 წელს 23%-ით, ხოლო 2022 წელს კი დამატებით 14%-ით გაიზარდა (აშშ დოლარში ზრდა შესაბამისად იყო 19% და 26%).

„თუმცა, 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩინეთში ეკონომიკის ზრდის შენელების, ევროკავშირში და აშშ-ში ეკონომიკური რეცესიის მოლოდინის და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების ფონზე სასაქონლო ფასებმა მსოფლიო ბაზრებზე შემცირება დაიწყო.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით ფასები მხოლოდ მცირედით აღემატება ომამდელ მაჩვენებლებს. უშუალოდ მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით, ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოვლინდა, რომ მშენებლობის პროცესის ხანგრძლივობა და დანახარჯები შემდეგ ძირითად ფაქტორებზეა დამოკიდებული: გამოყენებული მასალების ხარისხი, პროექტის არქიტექტურული ფორმები და პროექტის ადგილმდებარეობა.

2022 წელს დეველოპერული პროექტების საშუალო ხარჯი სამშენებლო ფართის 1 კვ.მზე თბილისის შემთხვევაში $546-ს გაუტოლდა, ბათუმში კი $502-ს. შერჩეულ დეველოპერულ პროექტებში საცხოვრებელი ფართის საშულო გასაყიდმა ფასმა თბილისში 1,092 $/კვ.მ შეადგინა, ხოლო ბათუმში 1,159 $/კვ.მ.

მთლიანობაში, დეველოპერული პროექტების მომგებიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ გაწეულ ხარჯსა და წმინდა მოგებას შორის კავშირი სუსტია: დეველოპერული კომპანიების მოგება მეტწილად აიხსნება სხვა ფაქტორებით, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყოს კომპანიის რეპუტაცია და გამოცდილება, პროექტის ხელსაყრელი მდებარეობა, ეფექტიანი მარკეტინგული კამპანია და მაღალკვალიფიციური გაყიდვების გუნდი“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები