USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სუპერმარკეტებს მეწარმეები კაბალური პირობებით მძევლად ჰყავთ - ბექა ნაცვლიშვილი

სუპერმარკეტებს მეწარმეები კაბალური პირობებით მძევლად ჰყავთ - ბექა ნაცვლიშვილი

2023-03-01 10:00:46

„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტი" ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომელიც მეწარმეებს სუპერმარკეტების დახლებზე წვდომას გაუმარტივებს. ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხება  გაუყიდავ პროდუქციას, რომელიც დღესდღეობით მეწარმეებს სრულად უბრუნდებათ ისე, რომ ზარალი არ ანაზღაურდება.

„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი Business Iniser Georgia- თან ამბობს, კაბალური პირობის გამო მეწარმეები დიდ ფინანსურ ზარალს განიცდიან, რაც მათ დახლებზე წვდომას უზღუდავს. მისი თქმით, სუპერმარკეტებს მეწარმეები მძევლად ჰყავთ. ნაცვლიშვილის ინიციატივაა, ეს საკითხი დარეგულირდეს და სავაჭრო ობიექტს მეწარმის მიერ შეტანილი პროდუქტის 3%-ზე მეტის უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ცვლილება მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე უნდა გავრცელდეს.

„მარკეტი ხშირ შემთხვევაში მეწარმეს პროდუქციას სრულად უბრუნებს. როგორც წესი, თავდაპირველად თანხმდებიან გარკვეული რაოდენობის  შეტანაზე, მაგრამ რაც არ იყიდება, საბოლოოდ სრულად უბრუნდება, ისე, რომ დახარჯულ თანხას არავინ ანაზღაურებს.

შესაბამისად, მეწარმეები დიდ ზარალს განიცდიან, ამიტომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ინიციატივაზე,  რომ საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდეს და მარკეტებს  შეტანილი პროდუქტის 3%-ზე მეტის უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. დანარჩენი, რაც დარჩა გაუყიდავი, შეიძლება სხვა მიმართულება მიეცეს. მაგალითად,  სახელმწიფომ შეისყიდოს და მოწყვლად ჯგუფებამდე მიიტანოს", - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მან 2019 წელს დაარეგისტრირა პარლამენტში, მაგრამ არჩევნების გამო ვერ მოესწრო განხილვა. 

ყოფილი დეპუტატი Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავიდან დაიწყო პროექტზე მუშაობა და როდესაც ნაშრომი დასრულებულ  სახეს მიიღებს, განსახილველად პარლამენტს წარედგინება. დღეს, როცა ხელისუფლება საკვები პროდუქტების ბაზარზე ფასებთან დაკავშირებით მიდგომას ცვლის, ბექა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ მეწარმეების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და რეგულაციები გამკაცრდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართეთ რითეილ ასოციაციას, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაშაკაშვილმა Business Insider Georgia- თან განაცხადა, რომ მეწარმეებთან დაკავშირებით  „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" პროექტი მისთვის უცნობია.

„ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმირებული არ ვართ. სავაჭრო ობიექტში შესვლამდე მეწარმეები დეტალურად ეცნობიან პირობებს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რომ დახლებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მათ შორის მარკეტინგულ გადასახადთან დაკავშირებით. არსებობს კომერციული პირობები, ხელშეკრულებით განსაზღვრული, მათ შორის გაუყიდავ პროდუქციასთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ მხარეებს შორის შეთანხმების ნაწილია", - ამბობს ქაშაკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბაზარზე მაღალი ფასების გამომწვევ გარემოებებს სწავლობს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასების ზრდას სურსათის იმპორტიორების და კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობად განიხილავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები