დაფუძნებიდან ერთი წლისთავზე ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის საკონსულტაციო კომპანიაა Carusell-ი უკვე ყაზახეთის ბაზარზეა.
სტარტაპი თავდაპირველად თბილისში იმ ადამიანების დახმარების მიზნით შეიქმნა, რომლებსაც მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა სურთ.
Carusell-ის პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები და ავტოექსპერტები უშუალოდ უკავშირდებიან ერთმანეთს. ექსპერტები მომხმარებელს ავტომობილის სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობენ, რათა არჩევანის გაკეთება გაუადვილონ.
ფაქტობრივად ერთად გადიან ყველა ეტაპს, სანამ სასურველი ავტომობილის შეძენა ან გაყიდვა ოფიციალურად გაფორმდება.
როგორც Carusell-ის თანადამფუძნებელი ანა აბაშიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, იდეა უკავშირდება სტარტაპ Caru-ს, რომელიც ამ დროისთვის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა და ადამიანებს მანქანების შეკეთებაში ეხმარება.
„ყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი საიტზე უთითებს, როგორი ავტომობილის შეძენა სურს და რა ფასად, რის შემდეგაც საქმეში ერთვება ავტო ექსპერტი და კლიენტის მოთხოვნის შესაბამის მანქანას ეძებს, უღებს ფოტოს და უგზავნის კლიენტს, რომელიც არჩევანს აკეთებს. ექსპერტი გამყიდველს ფასზეც ურიგდება, მაქსიმალურად არის დაინტერესებული, რომ მომხმარებელს საუკეთესო ფასად აყიდვინოს, მასვე ევალება შერჩეული ავტომანქანის ტექნიკური შემოწმებაც.
გაწეულ მომსახურებაში მომხმარებელს თავდაპირველად 50 ლარის, საბოლოოდ კი ფიქსირებულ საკომისიოს გადახდა უწევს. დაახლოებით ანალოგიურია გაყიდვის პროცესიც, რომელსაც ექსპერტი ასევე საკუთარ თავზე იღებს.
ამ შემთხვევაში მომხმარებელი მხოლოდ გადაფორმების პროცედურისთვის არის საჭირო. ხოლო ექსპერტის საკომისიო გადახდილი თანხის 3%-ს შეადგენს. ამდენად, ავტო ექსპერტები მომხმარებლებთან ერთად გადიან ყველა საჭირო ეტაპს, რითაც მათ დროის დაზოგვასა და სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარებიან“, - ამბობს ანა აბაშიძე Business Insider Georgia-თან.
ამ ეტაპზე Carusell-ის ანგარიშზე 800 შეკვეთაა. როგორც ანა აბაშიძე ამბობს, მომხმარებელთა რაოდენობა უკვე ყოველთვიურად 100-ზე მეტია.
ადგილობრივ ბაზარზე Carusell-ის მომსახურების 3 ცენტრია: თბილისში, ბათუმსა და რუსთავში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი