USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შაინ ენერჯის“ დახმარებით „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრი ენერგოდამოუკიდებელი გახდება

„შაინ ენერჯის“ დახმარებით „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრი ენერგოდამოუკიდებელი გახდება

2024-06-21 14:00:00

მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანია „შაინ ენერჯი“, რომელიც მომხმარებელს მზის ელექტროსადგურების ქსელზე მიერთებულ, ქსელისგან დამოუკიდებელ და ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს, ქუთაისში, სუპერმარკეტების ქსელური კომპანია „დეილის“ ლოგისტიკური ცენტრისთვის მზის ელექტროსადგურს აშენებს.

როგორც Business Insider Georgia-ს „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განუცხადა, მზის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 320 კილოვატია. პროექტში გათვალისწინებულია ბრენდ „ასტროენერჯის “ 552 ერთეული 580 ვატიანი მზის მოდული, რომელსაც აქვს 15 წლიანი პანელის, ხოლო 30 წლიანი სიმძლავრის გარანტია.

„პროექტი მიმდინარეა. კომპანია „დეილი“ დაახლოებით 116 000 ლარამდე ელექტროენერგიის ხარჯს გაანულებს წლიურად “, - ამბობს ნინა გადელია.

სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ლოგისტიკური დირექტორი გოჩა შამუგია Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „შაინ ენერჯისგან“ საკმაოდ კარგი შეთავაზება მიიღეს და გადაწყვიტეს საკუთარი ლოგისტიკური ცენტრის მზის ენერგიაზე გადაყვანა.

„ჩვენი კომპანიის ლოგისტიკური ცენტრი მდებარეობს ქუთაისში. საწყობის ფართობი 6 500 კვადრატული მეტრია. ამ ცენტრიდან მარაგდება მაღაზიების ქსელი, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

ლოგისტიკური ცენტრის წლიური მოხმარება მზის ელექტროსადგურით სრულად განულდება. საკმაოდ კარგი შეთავაზება მივიღეთ „შაინ ენერჯისგან“ მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ინვესტიციის უკუგების ვადა სულ რაღაც 3 წელია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით  ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროზე“, - ამბობს გოჩა შამუგია.

სუპერმარკეტების ქსელ „დეილის“ ლოგისტიკური დირექტორის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შედეგად  შესაძლებელია, რომ გამომუშავება 400  000 კილოვატ/საათს გაუტოლდეს, რომელიც სრულად დაფარავს „დეილის“ ელექტროენერგიის  მოხმარებას წლის ჭრილში.

,,სამომავლოდ იგეგმება საწარმოო სიმძლავრეების ზრდა და შესაბამისად ვიფიქრებთ, ასევე მზის პანელების სიმძლავრეების გაზრდაზეც“, - ამბობს გოჩა შამუგია.

კომპანია „დეილი“ ადგილობრივ ბაზარზე 2014 წლიდან საქმიანობს და ქვეყნის მასშტაბით 230 მარკეტს ფლობს. აქედან მაღაზიების ნაწილი თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, განვითარება გრძელდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს, ისე დასავლეთის მიმართულებით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები