„აშშ-დან ავტომობილების ტრანსპორტირების ფასის კლების დინამიკა შეიმჩნევა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად მოხდა“, - ამის შესახებ Business Inisder Georgia-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ დირექტორმა გიორგი სურგულაძემ განუცხადა.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი აშშ-დან ჩამოყვანილ ავტომობილებზე ფასის შემცირებას არ გამმორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ტენდენციის ტემპი დაბალია, რაც ავტომობილების ფასებზე მოკლევადიან პერიოდში ასახვას ვერ მოახდენს.
„ავტობაზაზე ვითარება უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის მაჩვენებლები საკმაოდ გაზრდილია, „კავკასიის ავტოიმპორტის“ წილი ბაზარზე 40%-ის ფარგლებში მერყეობს. ვცდილობთ, გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ, სერვისებს ვხვეწავთ, გავდივართ საერთაშორისო ბაზრებზეც, სადაც სოლიდური წილი გვიჭირავს, ასევე აზერბაიჯანის, სომხეთის, შუა აზიის ქვეყნებში, აფრიკაში და ბოლოს უკვე არაბეთის საამიროების ბაზარზეც გავედით.
რაც შეეხება ტენდენციას, ამერიკიდან საქართველოს მიმართულებაზე ავტომობილების ტრანსპორტირების ფასების კლება შეიმჩნევა. ვერ გეტყვით, რომ ქვევით წამოვიდა ფასი, მაგრამ ტენდენცია დაწყებულია, რაც ტარიფებზე სავარაუდოდ მალე აისახება. კონკრეტულად რამდენით, ჯერ გამიჭირდება ვარაუდი, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, გლობალურ ლოგისტიკაში რომელი პორტი როგორ დაიტვირთება, ფასებზე გავლენას ესეც ახდენს", - ამბობს გიორგი სურგულაძე.
ამ დროისთვის ,,კავკასიის ავტოიმპორტში“ 280 -მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია ფლობს ფართო ქსელებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ცნობისთვის, ,,საქსტატის" მონაცემის მიხედვით, 2022 წელს საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 98%-ით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა 903.8 მლნ დოლარი შეადგინა. ამასთან, 25%-ით გაიზარდა რეექსპორტირებული მანქანების რაოდენობაც. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს ქვეყნიდან 79 887 მსუბუქი ავტომობილი გავიდა, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელმა 63 860 ერთეული შეადგინა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი