ქართული მობილური ოპერატორი სელფი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, ალდაგთან რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. კომპანიის სრული ქონება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით კომპანიის საკუთრებაში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებს, ანძებს, მიწისქვეშა ტექნოლოგიებს, შენობებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, ალდაგში ინდივიდუალური პირობებით იქნება დაზღვეული.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სრულად მოერგო სელფის ინტერესებსა და საჭიროებებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ტექნიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე.
„მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ. დღეიდან სელფის სრული ქსელი და ამავდროულად სათავო ოფისი, ტექნიკისა და სერვერების ჩათვლით დაზღვეული იქნება შესაძლო რისკებისგან. დაზღვეული იქნება როგორც ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონება და ტექნიკა, როგორიცაა ხანძარი, სტიქია და ა.შ. ისე ბიზნესის უწყვეტობა და მესამე პირის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. მოხარული ვართ, როდესაც მსხვილი კომპანია კარგად იაზრებს რისკების 360-გრადუსით დაზღვევის საჭიროებას და ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომსახურების პროცესში,“- აცხადებს თამარ ჭკადუა, ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორი.
„მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ქვეყანაში კორპორატიულ და საცალო ბაზარზე ქონების რისკების დაზღვევის წამყვან კომპანიასთან. ალდაგთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს საიმედოდ დავაზღვიოთ კომპანიის ფუნციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი რისკები და მივიღოთ სრულიად ჩვენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი. ყველა საკვანძო მიმართულებით სელფი თანამშრომლობს მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე წამყვან კომპანიებთან. დღეს მათ რიცხვს უერთდება საერთაშორისო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანია, რაც სელფის კიდევ უფრო მოქნილს და სანდოს გახდის მის საქმიანობაში,“- აცხადებს ირაკლი ჭედია, სელფის ფინანსური დირექტორი.
“სელფი”, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს.
კომპანია ალდაგი კი კორპორატიული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორატიული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება