ბიზნესის სამართლის სპეციალისტის, იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის ინფორმაციით, სამრეწველო ბიზნესში პატენტთან დაკავშირებული საკითხები მოუგვარებელია.
კერძოდ, განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები, როცა პროდუქციის შექმნისას იდენტურ ნიმუშებს იყენებენ ან ბაზარზე არსებული ბიზნესის საფირმო სახელწოდებას, რის ფაქტების მრავლადაა ელექტრონული რეგისტრაციისას, ამიტომ დავების დიდი ნაწილი სწორედ ამ პრობლემაზე მოდის.
„იურიდიულად ეს არის სასაქონლო-სამრეწველო ნიშნები, ნებისმიერი მოდელი, რომელიც გამოვიდა ან დაგეგმილია გამოვიდეს, უკვე წინასწარ დაპატენტებული აქვს თავის მწარმოებელს სპეციალურ სახელმწიფო ორგანოში, როგორიცაა ,,საქპატენტი“. შესაბამისად, თუკი ქართველი მწარმოებელი რამეს აკეთებს, პირველ რიგში, პოსტფაქტუმ კი არ უნდა მიიღოს აკრძალვა, უკვე უნდა მიმართოს ,,საქპატენტს“, რომელიც დაეხმარება იმის გარკვევაში, მსგავსი მოდელი, რომელიმე სუბიექტს ხომ არ აქვს დაპატენტებული, თუ არ აქვს, ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ შექმნას და დააპატენტოს.
მწარმოებლისთვის ეს აუცილებელი პირობაა, რომ ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია საპატენტო უწყებასთან. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში და საერთაშორისო კონვენციებით რეგულირდება. საუბარია სამრეწველო ხასიათის პროდუქციის შექმნაზე, მაგრამ ყველაზე მეტად პრობლემა ელექტრონული საიტების დარეგისტრირებისას იჩენს თავს. კომპანიას შექმნიან, დაარეგისტრირებენ, საჯარო რეესტრში გაატარებენ და ელექტრონულ გვერდს ვერ აკეთებენ.
ხდება ისიც, რომ შექმნიან კომპანიას უცხოელებთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას აღმოჩნდება, რომ იმავე სახელით სხვა კომპანია უკვე არსებობს და თავიდან უწევთ რიგი პროცედურების გავლა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირადაა“, - ამბობს ჩარგეიშვილი Business Insider Georgia- თან.
ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საქართველოში კომპანია Parker Georgia, რომლის დამფუძნებლები მარიამ მეტრეველი და ეკატერინე ალანია აცხადებენ, რომ ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა, განსაკუთრებით ხშირია იდენტური ნიმუშების გამოყენების ფაქტები, რაც ბიზნესს განვითარებაში ხელს უშლის.
„საქართველოში ბიზნესის ყველაზე დიდი გამოწვევა არაჯანსაღი კონკურენციაა. ასეთ პირობებში კომპანიებს სტაბილური განვითარება უჭირს, არც საკუთარ თავზე გამოვცადეთ. როცა პროდუქტს ქმნი, ბევრს შრომობ, მთელ რესურსს დებ და ცდილობ, რომ მიიღო 100%-ით გარანტირებული, საუკეთესო შედეგი, შეიძლება, სხვა ბიზნესის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს. ესენი არიან ძირითადად არაბრენდული კომპანიები ან სტარტაპები, რომლებიც მსგავს, იდენტურ პროდუქტებს ქმნიან, ცხადია, ნაკლები ხარისხისას და ამით სერიოზულ დაბრკოლებას გვიქმნიან. ახლის შექმნაში სერიოზულად გვეშლება ხელი. ნამდვილად დიდი პრობლემაა. ამიტომ სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რომ ერთხელ და საბოლოოდ ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდეს", - ამბობს მარიამ მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ Parker Georgia 2017 წელს შექმნილი ფეხსაცმელებისა და ჩანთების ცნობილი ბრენდია, რომელიც საქართველოსა და იტალიაში იწარმოება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება