ოქროს ბაზრის გლობალურ ტენდენციას გავლენა საქართველოს ბაზარზეც აქვს, თუმცა თბილისის ოქროს ბირჟის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების ფასი აშშ დოლარის ტრაექტორიას მიჰყვება.
2022 წელთან შედარებით, ახალი წლიდან საქართველოში სხვადასხვა სინჯის ოქროზე ფასი დაახლოებით 30-35 ლარით შემცირდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნოდარ ფოფორაძის ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე 1 გრამი ვერცხლის ფასი 2-7 ლარს შორის მერყეობს.
როგორც ფოფორაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, ოქროს ნაწარმზე ფასების ცვლა კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება.
„ნამდვილად არაპროგნოზირებადი ვითარებაა. ოქრო უნდა გაძვირებულიყო და პირიქით მოხდა, გაიაფდა. როგორც ვიცით, რუსეთს აუკრძალეს ლონდონის ბირჟაზე ოქროს შეტანა, ფაქტობრივად ამას დეფიციტი უნდა შეექმნა, რაც ფასის ზრდას გამოიწვევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს არ არის რაიმე ეკონომიკურ პროცესთან მიბმული.
უნდა ითქვას, რომ ოქროს ფასი ხშირად იცვლება, ბრილიანტის ღირებულება უფრო სტაბილურია. სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია და ანალოგიური მდგომარეობაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორის საქართველოში", - ამბობს ფოფორაძე.
მისივე თქმით, არსებულ სიტუაციაში ოქროს ფასზე გავლენა აქვს რუსეთ-უკრაინის ომს და ბაზარზე გამოტანილ ოქროს რაოდენობას.
„დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ფასები იცვლება ლონდონში მიმდინარე ტენდენციების საფუძველზე, თუმცა ფასები მცირე დოზით კორექტირდება. ჯერჯერობით ასეა, შიდა ბაზარზე ოქროს ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის", - აცხადებს ფოფორაძე Business Insider Georgia-სთან.
თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ Business Insider Georgia-ს განუცხადეს, რომ ოქროზე ფასის შემცირება აშშ დოლარის შესუსტებამ გამოიწვია.
მოვაჭრეების დაკვირვებით, ოქროს ფასი აშშ დოლარის ტრაექტორიას მიჰყვება. კერძოდ, როცა აშშ დოლარის კურსი მზარდია, ოქრო ძვირდება, ხოლო როცა ლარი აშშ დოლართან მიმართებით მყარდება, ოქროს ბირჟაზე ძვირფასი ლითონის ფასი დაღმავალია.
„როცა აშშ დოლარი 3,30-3,50 ფარგლებში იყო ერთი გრამი ბაჯაღლოს ფასი (999 სინჯი) 220 ლარს შეადგენდა. ახლა ლართან მიმართებით აშშ დოლარი 2,63-2,64 ნიშნულზე და შესაბამისად 1 გრამი ბაჯაღლო 169 ლარი ღირს. შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ფასი დოლარს მიჰყვება“, - ამბობს ოქროს ბირჟის მოვაჭრე.
Business Insider Georgia-ს თბილისის ოქროს ბირჟაზე განუცხადეს, რომ 958 სინჯის ოქროს 1 გრამი ნაკეთობის ფასი 25 თებერვლის მდგომარეობით 165 ლარია, ხოლო 585 სინჯის 1 გრამის ფასი 110-120 ლარიდან 93 ლარამდე შემცირდა. 333 სინჯის ე.წ. ჯართის 1 გრამი 55 ლარად იყიდება, 412 სინჯის 1 გრამის ფასი 55-60 ლარია, ხოლო 583 სინჯის 1 გრამი ოქრო 94 ლარი ღირს.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, არსებული მონაცემით, უნცია ვერცხლის ფასი 22 დოლარამდეა, ხოლო უნცია ოქროს ღირებულება $1847 შეადგენს, როცა წლის დასაწყისში $1950 ღირდა.
ცნობისთვის, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 48%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან 43,517 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 29,431 მლნ დოლარის.
ქართული ოქროს ძირითადი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სწორედ შვეიცარიაში გაიყიდა ქართული საექსპორტო ოქროს 90%-ზე მეტი. საექსპორტო ბაზრებს შორისაა გერმანია, თურქეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება