მზის ენერგია, როგორც განახლებადი ენერგიის ერთ-ერთი წყარო, საქართველოში სულ უფრო მოთხოვნადი მიმართულება ხდება. თუმცა ქარისგან განსხვავებით, ჯერჯერობით მზის მხოლოდ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები გვხვდება.
Business Insider Georgia- თან Helios Energy-ის დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ 2023 წელს კომპანია 5 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურების აშენებას გეგმავს, თუმცა ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 10 მეგავატ სიმძლავრემდე გაიზრდება.
„მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა და ცნობადობა წლიდან-წლამდე იზრდება. რა სამუშაოც გავწიეთ ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში შედეგს იღებს. ბაზარზე ჩვენს გარდა გაჩნდნენ სხვა კომპანიებიც რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი მზარდია. მზის სადგურის მონტაჟის ტარიფი დაახლოებით $550-$700 ფარგლებში მერყეობს. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ სად მონტაჟდება და როგორი ტიპისაა მზის სადგური“, - ამბობს დარჯანია.
მისივე თქმით, მზის სადგურების დამკვეთები ძირითადად საწარმოები არიან.
„ყველა მზის ელექტროსადგური მორგებულია კომპანიების ენერგეტიკულ საჭიროებებზე. რიგ საწარმოს შემთხვევაში ელექტროენერგიის გადასახადის განულება სრულად ხდება, რადგან 100%-ით მზის ელექტროსადგურზე მუშაობს და ენერგეტიკული დანახარჯი არ აქვს. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორი. მზის სადგურები დავამონტაჟეთ ღვინის ქარხნებში, სასტუმროებში. ჩვენი დამკვეთი ყველა ტიპის საწარმოა. ყველას სურს, რომ ელექტროენერგიის ხარჯი შეამციროს, აქტიურია კახეთი, იმერეთი, თბილისი, შიდა ქართლი“, - ამბობს Helios Energy-ის დამფუძნებელი.
მზის სადგურების კომპანია Helios Energy ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში 15 ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:
• ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) - 150 მგვტ;
• ქარის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• მზის ელექტროსადგურები - 70 მგვტ;
• სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის აუქციონის შესახებ განთავსებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე - www.economy.ge.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება