მოცვის ექსპორტიორმა კომპანია ,,აგროლეინმა“ რუსეთზე დამოკიდებულება პრაქტიკულად გაანულა. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ბაზრის დივერსიფიცირების საკითხი „აგროლეინმა“ წარმატებით მოაგვარა და რუსეთი მთლიანად ჩანაცვლდა, რაც კომპანიისთვის მეტ სტაბილურობას და გარანტირებულ გაყიდვებს ნიშნავს.
„რეგიონში მიმდინარე ომის პირობებში რუსეთთან რიგი მიმართულებით სავაჭრო პარტნიორობა განმტკიცდა, თუმცა ვისაც როგორც შეუძლია, ბიზნესი ამ კავშირების შესუსტებას ცდილობს. ჩვენს მაგალითზე, მიდგომამ გაამართლა. 2021 წელს რუსეთის წილი ექსპორტში 30% იყო. 2022 წელს ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე შევამცირეთ. 2023 წელს თითქმის მთლიანად დუბაიში ვაპირებთ მოცვის ექსპორტს, რაზეც შეთანხმება მიღწეულია, მცირე პარტიებად ჩვენი პროდუქცია იგზავნება ასევე მალაიზიაში, კატარში, აზერბაიჯანსა და სომხეთში“, - ამბობს ღვინიაშვილი.
რაც შეეხება მოცვის ფასს, როგორც ,,აგროლეინის“ დირექტორი ამბობს, შარშან კილოგრამის ფასი 6-8 დოლარის ფარგლებში მერყეობდა და წელს სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება.
„რუსეთის ბაზარზე მოცვი ტრადიციულად ძვირად ფასობდა და ეს გარემოებაც განაპირობებდა ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდას. მიმდინარე ომის ფონზე ამ ქვეყნის მსყიდველობითი უნარიანობა შემცირდა და შესაბამისად მოთხოვნამაც იკლო. მით უმეტეს, საქართველოში მოცვის წარმოების სერიოზული ზრდაა და უკვე ბიზნესიც მიხვდა, რა უნდა გააკეთოს და სად უფრო მომგებიანია. რუსული ბაზარი ინტერესს თანდათან კარგავს. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. 1 კგ. მოცვის საექსპორტო ღირებულება 6-8 დოლარის ფარგლებშია. შეიძლება, ეს მაჩვენებელი წელსაც შენარჩუნდეს ან მცირედით დაკორექტირდეს. რაიმე სერიოზულ ცვლილებას ამ მიმართულებით არ ველოდებით“, - აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
2022 წელს რუსეთში 7.6 მლნ დოლარის ღირებულების 1200 ტონაზე მეტი მოცვი გაიყიდა. მცირე მოცულობებით, მოცვი ექსპორტზე გავიდა სომხეთსა და გაერთიანებულ საამიროებშიც.
კერძოდ, სომხეთზე მოცვის მთლიანი ექსპორტის 6%, ხოლო არაბეთზე 2% მოდიოდა. ~ აღსანიშნავია, რომ საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ქართული მოცვის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა 2019-2020 წლებში რუსეთი იყო. 2019 წელს საქართველომ რუსეთში 178 900 ტონა (816 800 დოლარი) მოცვი გაიტანა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 631 800 ტონამდე (3.6 მილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი