მას შემდეგ, რაც პროდუქტებზე მაღალი ფასნამატის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესი მწვავედ გააკრიტიკა, იმპორტიორები გაძვირების გამომწვევ მიზეზებზე უფრო თამამად ალაპარაკდნენ.
„დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ივა ჭყონიას შეფასებით, მაღალი ფასნამატის მიზეზი რითეილ ბაზრის გაზრდილი მოთხოვნაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი დაემატა, მათ შორის გაზრდილი გადასახადები და ქეშბექი, რომელსაც მსხვილი სავაჭრო ქსელები დისტრიბუციას უწესებენ.
„მაღალი ფასების გამომწვევს ფაქტორებზე ჩვენ პრემიერ-მინისტრთა გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. საკმაოდ კარგი, კონსტრუქციული და ღია საუბარი შედგა, სადაც განვმარტეთ, თუ რისგან შედგება ფასნამატი.
შემიძლია გითხრათ, რომ მთავარი მიზეზი რითეილ ბაზრის გაზრდილი მოთხოვნაა.
მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის ცხადი იყო, თუ რატომ სჭირდება მაღალი ფასნამატი კომპანიებს ამა თუ იმ პროდუქტზე თუნდაც იმ პირველადი მოხმარების, რომელიც ძირითადად ბრენდირებულია.
ასაწონი პროდუქცია, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება, ისედაც დაბალი ფასით არის წარმოდგენილი, 3-7%-ის ფარგლებში მერყეობს ფასნამატი, რასაც ბრენდირებულ პროდუქციაზე ვერ ვიტყვით.
თუკი შეიძლება სადმე ასაწონი შაქარი 2,50 ლარად შეიძინო, იგივე პროდუქტი, დაფასოებული სახით, დახლებზე 3,50-4 ლარი ღირს. ამას განაპირობებს ასევე მაღალი გადასახადები, ქეშბექი, დაგვიანებული გადახდები, რომელსაც რეალიზებულ პროდუქციაზე 45-65 დღის განმავლობაში გვიხდიან, ბევრი ფაქტორია, რომელიც პროდუქტზე მაღალ ფასნამატს იწვევს“, - განმარტავს ივა ჭყონია Business Insider Georgia- სთან.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბაზარზე მაღალი ფასების გამომწვევ გარემოებებს შეისწავლის.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ფასების ზრდას სურსათის იმპორტიორების და კერძო ბიზნესის პასუხისმგებლობად განიხილავს.
პრემიერის განცხადებით, შეისწავლა, რომ მოსახლეობამდე პროდუქტები თითქმის 100%-იანი ფასნამატით მიდის, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
„საქსტატის“ თანახმად, ფასის ზრდა 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტსა და სერვისს შეეხო. რაც შეეხება ინფლაციას, 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა. ყველაზე მეტად მოსახლეობას პური და ბოსტნეული გაუძვირდა.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი