USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რას აკეთებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდასაჭერად

რას აკეთებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდასაჭერად

2023-11-28 12:48:00

Business Insider Georgia-ს მორიგი სტატია სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ეხება, უფრო ზუსტად სააგენტოს წვლილს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.

საქართველოში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, კერძო სექტორის განვითარების, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით „აწარმოე საქართველოში“ ძალისხმევა ციფრებში შთამბეჭდავად გამოიყურება. ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ცოტა მეტი მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რას აკეთებს „აწარმოე საქართველოში“ ქვეყნის დიმანიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს აერთიანებს, ესენია ადგილობრივი წარმოება, ექსპორტი და ინვესტიციები.

„აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ მიმართულების მიზანი საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებულის გაფართოებსა ან გადაიარაღებაში ხელშეწყობაა.

„აწარმოე საქართველოში - ექსპორტის“ მიმართულება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, ქართული პროდუქტების საექსპერტო მოცულობის ზრდასა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე ზრუნავს.  ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებმა, 2014 წლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საკუთარი პროდუქცია 130 საერთაშორისო ღონისძიებსა და გამოფენაზე წარადგინეს, სააგენტომ 982-ჯერ დააფინანსა კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა. ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 463 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა და TRADEWITHGEORGIA.COM-ზე რეგისტრირებულ კომპანიათა რაოდენობა 800-ს მიუახლოვდა.

როგორ ეხმარება სააგენტო კ ომპანიებს ექსპორტის ხელშეწყობაში? სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ პირველი ეტაპი გულისხმობს ბიზნესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ  მისი საწარმო გამართული იყოს, ჰქონდეს საჭირო ლიცენზია მისთვის სასურველი ბაზრისთვის.

„შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს ტრენინგს. ჩვენს სააგენტოში ექსპორტის მენეჯერების   სპეციალური გადამზადების კურსი მოქმედებს. ამის შემდეგ მოდის ბიზნესის დახმარება საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით, ასევე ჩვენ ვუზრუნველვყოფთ საქართველოში ბაერების ჩამოყვანას, ანუ ჩამოგვყავს კონკრეტული კონსულტანტები, რათა მეწარმეს მყიდველი მოაძებინონ. ექსპორტის ხელშეწყობის გზაზე შემდეგი ეტაპი ქართველი მეწარმისთვის უცხოურ ქსელებში შესვლის პირველადი თანადაფინანსებაა“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას ქართული კომპანიები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბიზნეს გააზრებული აქვს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად საუკეთესო პლატფორმაა. სულ ბოლოს ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩინეთში გაიმართა,  „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა 40-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო.

“მოლაპარაკებების შედეგად, წლევანდელ ექსპოზე გავზარდეთ გამოფენის სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ქართველი ექსპორტიორი წარადგენს საკუთარ პროდუქციას ამ ღონისძიებაზე.  “აწარმოე საქართველოში” ყოველწლიურად, გამოფენების შემდეგ აჯამებს, თუ რა შედეგი ექნება კონკრეტულ გამოფენას კონკრეტული ექსპორტიორებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ექსპო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია ამ მხრივ. იცით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ჩვენი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთან და ეს ყველაფერი ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა შანხაის ექსპოს მიმდინარეობისას.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ სახელმწიფო სააგენტოსთან წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია, ეს თანამშრომლობა წლებს ითვლის. „ნუტრიმაქსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო და კომპანიონი ცხოველების საკვებს ინდუსტრიულად აწარმოებს. კომპანიას უკვე ორი საწარმო აქვს და დასაქმებულთა რაოდენობა 150-ს აჭარბებს.

„ნუტრიმაქსი“ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით  ცოტა ხნის წინ აბუ-დაბიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაშიც მონაწილეობდა.  კომპანიაში გვეუბნებიან, რომ ეს გამოფენა არა მხოლოდ მათთვის, არამედ სხვა ქართული კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პლატფორმაა.

„ჩვენი კომპანია ამ სახელმწიფო უწყებასთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. „აწარმოე საქართველოში“ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქართულ კომპანიებს მხარს გვიჭერს განვითარებაში. ამჟამად მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ანუ აბუ-დაბის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობით, ვხვდებით პოტენციურ პარტნიორებსა და პოტენციურ მომხმარებლებს.  ახალი კონტაქტები კი მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა რევაზ ლაფაჩმა.

„ნუტრიმაქსი“ საქართველოსთან ერთად პოზიციონირებს აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე. კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე უახლოეს პერიოდში მოლდოვაშიც გაიტანონ.

„ნუტრიმაქსი“ 14 წლის წინ დაფუძნდა და მეორე მაღალტექნოლოგიური საწარმო 2023 წელს გახსნა. კომპანიის საწარმოები გათვსებულია ზემო ფონიჭალასა და გამარჯვებაში.

„ჩვენი ორივე საწარმო მაღალტექნოლოგიურია, ევროპული სტადარტებით მუშაობს და უნივერსალური შესაძლებლობები აქვთ. პირველი საწამო ძირითადად მიმართულია ფერმერული მეურნეობის ცხოველების საკვების წარმოებაზე, მეორე საწარმო ექსტრუდირების უნივერსალური ხაზით არის აღჭურვილი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვაწარმოოთ საკვები კომპანიონი ცხოველებისა და აკვაკლურტურისათვის. წარმოება კი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება“, - აცხადებს რევაზ ლაფაჩი.

სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“ -  2015 წლიდან თანამშრომლობს ყავის ბრენდ „მონდოს“ მწარმოებელი „ბბ კომპანი“. კომპანიამ ყავის საწარმოს დანადგარები სწორედ, სააგენტოს მხარდაჭერის ფარგლებში შეიძინა. მას შემდეგ რაც საჭირო ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა, კომპანიამ ყავის წარმოება დაიწყო.

„სააგენტოსთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით გაგვიმარტივდა გზის გაკვალვა საერთაშორისო ბაზარზე. სააგენტსო დახმარებით მივიღეთ მონაწილეობა ისეთ გამოფენებში როგორებიც არის: Gulfood, Anuga, Foodex Japan, China International Import Expo და ასე შემდეგ. ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად ჩვენი კომპანია უკვე საერთაშორისო ბაზარზეა და ყავა „მონდო“ სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა. ამ ღონისძიების ფარგლებში გვქონდა კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან.  ამ ეტაპზე რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი პროდუქცია ვიხილოთ ჩინეთის ბაზარზე“, - განუცხადა ყავის  ბრენდ „მონდოს“ გაყიდვების მენეჯერმა ლუკა შალიკაშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, ყავა ,,მონდო“ს პროდუქცია წარმოდგენილია საქართველოს მაშტაბით, როგორც ჰორეკას, ასევე რითეილის მიმართულებით. შპს ,,ბბ კომპანი“-ს საქართველოში 45 სხვადასხვა პლანტაციიდან  მწვანე, ნედლი, გადაუმუშავებელი ყავის მარცვალი შემოაქვს. შემდგომ  მწვანე მარცვლის გაწმენდა, თერმული დამუშავება, მოხალვა და დაფასოება ხდება.

„ბბ კომპანი“ ბაზარზე მალე დიდი სიახლითაც გამოჩნდება. კომპანია 2024 წლის დასაწყისში „ნესპრესოსთან“ თავსებად ალუმინისა და ბიოდეგრადირებული კაფსულების წარმოებას დაიწყებს. კომპანიაში ამ ეტაპზე 67 თანამშრომელია დასაქმებული.

 „საქართველოს გარდა ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში, ყაზახეთში, დიდ ბრიტანეთში, საუდის არაბეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და უახლოეს მომავალში ყავა ,,მონდო“ გამოჩნდება კანადის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე გაიყიდება ჩინეთის ბაზარზეც, რაშიც სწორედ  სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ დიდი წვლილი იქნება“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ლუკა შალიკაშვილი.

„აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“ სახელმწიფო სააგენტოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ შემთხვევაში სააგენტოს მიზანი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარებაა. ეს მიმართულება უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქცია ასრულებს, რადგან „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მუშაობს და საქართველოთი დაინტერესებულ ინვესტორებს საჭირო ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, 2015 წლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში 24 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, სულ ამ პერიოდის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში 9 366 პროექტმა გაიმარჯვა და სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის მოცულობამ 144 მლნ ლარს გადააჭარბა.

კონკრეტული შედეგი აქვს სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას, კერძოდ 2014 წლიდან 2023 წლის ოქტომბრის ფარგლებში, ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში ჯამში 36 000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, სულ 1 873 პროექტი დაფინანსდა, სესხის მოცულობამ კი 2 მლრდ ლარი შეადგინა.

13 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა მოდის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერ პროგრამაზე. კერძოდ 2020 წლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით  922 პროექტია დაფინანსებული, გაცემული სესხების მოცულობა კი 690 ლარს შეადგენს.

ავტორი:

სოფო ბერიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები