პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ნაწილისთვის, რომელიც ბაზარზე მცირე და საშუალო საწარმოებს წარმოადგენს, HACCP-ის სტანდარტით განსაზღვრული პირობები უცნობია.
მეწარმეები Business Insider Georgia-სთან ამბობენ, რომ HACCP-ისთვის მზადებას სავარაუდოდ აპრილიდან დაიწყებენ, მას შემდეგ რაც პირობებს გაეცნობიან. „თემქის პურის“ დირექტორის დალი კუპატაძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებოდნენ და მოსალოდნელი ცვლილების შესახებ აცნობეს, თუმცა ახალი სტანდარტი კონკრეტულად რა პირობების შესრულებას ითვალისწინებს და რა ღონისძიებების გატარება მოუწევთ, ჯერ ინფორმირებული არ არის.
„ახალი რეგულაციისთვის ამ ეტაპზე არ ვართ მზად, მაგრამ ჩვენი ვალდებულების ფარგლებში ვიმოქმედებთ, რაც სტანდარტის მიხედვით დაგვეკისრება. ვერ გეტყვით, რამდენად კარგი პირობებია, როცა დეტალები არ ვიცით.
ამ საკითხზე მუშაობას 2 თვით ადრე დავიწყებთ. HACCP-ის სტანდარტის დანერგვა ივნისიდან გვევალება, ამიტომ უკვე აპრილიდან შესაბამის ზომებს გავატარებთ.
არ ვიცი, რა დაგვიჯდება, ხარჯთაღრიცხვა ჯერ არ გვაქვს, თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურმა საკმაოდ ადრე ჩაგვაყენა საქმის კურსში, გაგვაფრთხილეს, რომ სიახლე ზაფხულში ამოქმედდება, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ჩვენი საწარმო ხარისხზეა ორიენტირებული და ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები იკლებს, ვცდილობდით, მომხმარებლისთვის შეღავათი გაგვეწია და პური 10 თეთრით გაგვეიაფებინა. ალბათ, ამას ჯერჯერობით ვერ მოვახერხებთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმ ხარჯის ოდენობაზე, რაც ახალ სტანდარტთან შესაბამისობაში მოსაყვანად დაგვჭირდება.
თუ HACCP-ის მოთხოვნები ხარჯს გაგვიზრდის პურს ვერ გავაიაფებთ. უნდა ვიცოდეთ, კონკრეტულად რა ღონისძიებებს დავგეგმავთ და გავატარებთ“, - ამბობს მეწარმე Business Insider Georgia -სთან.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისიდან პურის მწარმოებლებისთვის HACCP-ის სტანდარტების დანერგვა სავალდებულო გახდება.
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში 2 500 იურიდიული პირია, რომელიც პურის ცხობითა და წარმოებითაა დაკავებული.
ორგანიზაციის რეკომენდაციაა, გაკეთდეს სპეციალური გაიდლაინები, რომლის მიხედვითაც მეწარმე განსაზღვრავს, რა პრობლემები აქვს აღმოსაფხვრელი მომდევნო 5 თვის განმავლობაში.
ეს შეიძლება იყოს კონკრეტული საგზაო რუკა, სადაც აღნიშნული იქნება, რა არის საჭირო და აუცილებელი პურის საცხობისათვის HACCP-ის სტანდარტების დასანერგად.
2021 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში ძალაში შევიდა ახალი დადგენილება, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სექტორის ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას, დანერგილი უნდა ჰქონდეთ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP-ჰასპ) პრინციპების შესაბამისად.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP), სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სისტემაა, რომელიც ემსახურება კვების პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების პროცესში ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის პრევენციას და მის აღმოფხვრას.
HACCP-ი წარმოადგენს სურსათის უვნებლობის კონტროლის ყველაზე ოპტიმალურ სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ყველა პოტენციური საფრთხე, მოხდეს დაკვირვება სურსათის წარმოების, გადამუშავებისა ან დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე. საბოლოო ჯამში, HACCP სისტემის მიზანია, მინიმალური დანახრჯებითა და ადამიანური რესურსების გამოყენებით მივიღოთ უსაფრთხო პროდუქტი.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი