რუმინეთსა და საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი იმოძრავებს, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა. ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი 190 მეტრის სიგრძისაა,ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს მოემსახურება, რითაც ეს მარშრუტი ბოლომდე შეიკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.
როგორც „ბიზნეს ინსაიდერს“ E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განუცხადა, პირველ რეიდზე მხოლოდ ტვირთებია და ამჯერად მგზავრების ტრანსპორტირება არ ხდება. მისივე განმარტებით, მოთხოვნა ტვირთებზე როგორც საქართველოდან რუმინეთში და ასევე რუმინეთიდან საქართველოში პირველი რეისის მაგალითზე საკმაოდ მაღალია.
“პირველ რეისებზე მგზავრები არ არის, უფრო ტვირთებით დავიწყეთ. შემდეგ რეისებზე უკვე მგზავრებიც დაემატება.
100%-ით სავსე პირველი რეისი არ არის, მაგრამ საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა პირველი რეისისთვის. როგორც წესი პირველ რეისს მაინც აკვირდებიან, თუ როგორ ჩაივლის და როგორ მოხდება ტრანსპორტირება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის“, - ამბობს მიშა ბაბუნაშვილი.
მისი თქმით, საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით პირველი რეისი 30 ივნისს გაემგზავრება, თუმცა მანამდე საექსპორტო ტვირთის მიღება გრძელდება.
„ველოდებოდით, რომ პირველ რეისზე იმპორტს შესაძლოა ექსპორტისთვის გადაეწონა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ექსპორტზეც საკმაოდ კარგი მოთხოვნაა“, - ამბობს E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.
ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, როგორც ეს ამ წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.
ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება