USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„პეტრა სი რეზორტში“ საუდის არაბეთიდან ინვესტორების კაპიტალდაბანდება $100 მილიონს აჭარბებს - გიორგი სვანიძე

„პეტრა სი რეზორტში“ საუდის არაბეთიდან ინვესტორების კაპიტალდაბანდება $100 მილიონს აჭარბებს - გიორგი სვანიძე

2024-02-15 12:30:00

„პეტრა სი რიზორტის” დამფუძნებელი, გიორგი სვანიძე აღნიშნავს, რომ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს-ფორუმი ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო ურთიერთობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ამ ქვეყნის ინვესტორების ინტერესი საქართველოსთან მიმართებით იზრდება.

„საუდის არაბეთი ყველაზე დიდი საინვესტიციო ქვეყანაა და დაინტერესებულია საქართველოში კაპიტალდაბანდებით. 48 ფრენა ხორციელდება საუდის არაბეთიდან ყოველ კვირა. საქართველო არის მიმზიდველი ქვეყანა როგორც ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ისე ენერგეტიკის დარგში. სამივე თემა აინტერესებს ინვესტორებს საუდის არაბეთიდან საქართველოში. სამივე სფეროში საკმაოდ სერიოზული პროექტები გვაქვს, როგორც დეველოპმენტში, ისე სტუმარ-მასპინძლობისა და ასევე მწვანე ენერგიის მიმართულებით. უფრო გაძლიერდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ინვესტიციები და ამით უფრო გაძლიერდება ქართული ეკონომიკა. კონკრეტულად, თვითონ საუდის არაბეთს საქართველო აინტერესებს, როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი ტურისტული ქვეყანა, სადაც ოთხივე სეზონია და აქტიურად ჩამოდიან ტურისტები. იმ სექტორებიდან, რაც მათი ინტერესის სფეროა, ერთ-ერთია წყლის, ლიმონათისა და მინერალური წყლების ექსპორტი. საუდის არაბეთს საქართველოში აინტერესებს ენერგეტიკა. კერძოდ, ჰიდროენეგეტიკა, მწვანე ენერგია და სამშენებლო სექტორი. ასევე სურთ აგროსექტორში ინვესტიციების განხორციელება და შემდგომ აქ მიღებული პროდუქციის ექსპორტი“, - ამბობს სვანიძე.

როგორც „პეტრა სი რიზორტის” დამფუძნებელი ამბობს, საუდის არაბეთიდან პარტნიორებთან ერთ-ერთი დიდი პროექტი უკვე დაწყებულია.

„ეს არის “პეტრა სი რეზორტი”, რომელსაც ინვესტორები საუდის არაბეთიდან აჭარის საუკეთესო პროექტად თვლიან. ამ პროექტში მათგან ჯამში $100 მილიონზე მეტი ინვესტიცია იდება”, - ამბობს სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში საქართველო - საუდის არაბეთის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და საუდის არაბეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინვესტიციების მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. ღონისძიებას 300-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს და საუდის არაბეთის როგორც სამთავრობო, ისე ბიზნესწრეების ფართო წარმომადგენლობა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები